აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2022 წლის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ კანონპროექტის ვერსია. საქართველო ამ კანონპროექტში რამდენჯერმეა მოხსენიებული. მათ შორის არსებობს ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების შინაარსით,.
კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს ან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს. ასევე, კანონით გამოყოფილი თანხა არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაციის მხარდასაჭერად.
ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-დან თანხის გამოყოფას, რომელიც უნდა მოხმარდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ისევე როგორც, რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.
2022 წლის კანონპროექტის თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა ჯამურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 132 025 000 მლნ აშშ დოლარისა.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, კომიტეტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აშშ-ის განვითარების სააგენტოს მოუწოდებს დახმარების პროგრამების პრიორიტეტების შესაბამისად გადალაგებას, იმისათვის, რომ დაფინანსებამ უზრუნველყოს საქართველოში კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების გზით გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის წახალისება. ასევე, აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მომდინარე საფრთხეები ხაზს უსვამს აშშ-ის საგარეო დახმარების გაგრძელების მნიშვნელობას ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ამ ქვეყნების მიერ განგრძობადი ძალისხმევის ფონზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღისა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა წარმომადგენელთა პალატის აპროპრიაციის კომიტეტს უნდა წარუდგინოს 2021 ფისკალური წლის განმარტებითი ბარათით გათვალისწინებული განახლებული ანგარიში.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენელთა პალატაში ზემოაღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემდგომი ეტაპია, სენატის ვერსიის დამტკიცება, რის შემდეგაც ორივე პალატის ვერსიები შეჯერდება ე.წ. კონფერენციაზე და დამტკიცების შემთხვევაში გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.
მასალის გამოყენების პირობები