ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე ხელისუფლების მხრიდან 19 აპირილის შეთანხმების ანულირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი იყო ევროპელი პარტნიორებისთვის. საბანაძემ იმ ასპექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც გადაწყვეტილების მიზღების მიზეზი გახდა:
“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის. ასეთი აღქმა იყო, რომ მმართველი გუნდისთვის ეს იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი შეთანხმება. ალბათ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რომ არ მოაწერა ხელი ამანაც განაპირობა მათი ეს ნაბიჯი. რაც შეეხება შეთანხმების ასპექტებს - პირველ რიგში, შიდა მხარე, ეს ეხება რეფორმებს და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დონის ამაღლებას, მათ შორის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებაზე შეთანხმება, რაც მულტიპარტიული დემოკრატიის დამყარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. საგარეო პოლიტიკური მხარე არის ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან. ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ნამდვილად დამაზიანებელია ორმხრივი ურთიერთობისთვის და სიმბოლური მხარე, რაც არის პოლარიზაციის შემცირება, რამაც, შესაძლოა, ისე არ იმუშავა, როგორც ჩაფიქრებული იყო. სამივე ასპექტი ძალიან მნიშვნელოვანია და რჩება ჰაერში", - აღნიშნა ნატალია საბანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები