აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატების ადგილობრივ მთავრობებს მოუწოდა, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებს, 100 აშშ დოლარი გადაუხადონ.
"მოვუწოდებ ყველა შტატსა და ადგილობრივ მთავრობებს, გამოიყენონ დაფინანსება, რომელიც მიიღეს, იმისთვის, რომ გადაუხადონ 100 დოლარი ყველას, ვინც სრულად აიცრება. ვიცი, რომ შეიძლება ეს უსამართლოდ ჟღერდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე აცრილია, მაგრამ თუ წახალისების საშუალებები გვეხმარება ამ ვირუსის დამარცხებაში, მიმაჩნია, რომ ჩვენ ისინი უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა ბაიდენმა.
ამასთან, პრეზიდენტმა წარადგინა ახალი წესები ფედერალური მთავრობის თანამშრომლებისთვის. კერძოდ, ისინი, რომლებიც ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ვერ წარადგენენ, ვალდებულები იქნებიან, კვირაში ერთხელ ან ორჯერ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარონ, პირბადეები ატარონ და სოციალური დისტანცია დაიცვან.
"იუსტიციის დეპარტამენტმა განმარტა, რომ კოვიდ 19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოთხოვნა სავალდებულოა. ყველას გვსურს, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და სამუშაო ადგილები, სადაც ადამიანები სრულად ვაქცინირებული არიან, ამის სწრაფად და წარმატებით განხორციელებას შეუწყობს ხელს"- აღნიშნა ბაიდენმა.
მასალის გამოყენების პირობები