ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" ერთობლივი განცხადებით მოუწოდებენ, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.
მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერის და ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი არიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ცალმხრივად გავიდეს შეთანხმებიდან.
ისინი აცხადებენ, რომ შეთანხმება გზას აგებს პოლარიზების შემცირებისთვის, კანონის უზენაესობისთვის და ისეთ საკვანძო საკითხებს ეხება, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილება.
"ქართული ოცნების მტკიცების საპირისპიროდ, რომ შეთანხმებამ შეასრულა საკუთარი მიზნები და შესაბამისად ლიმიტს მიაღწია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც წლების განმავლობაში უნდა გატარდეს და არა ეპიზოდურად.
ამ წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობის დიდი წილი იმ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზეა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებას, ამავე დროს მივესალმებით იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს მას და აგრძელებენ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებას. მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გაგრძელებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც თბილისი პრაიდის გაუქმება გამოიწვია, მმართველი პარტიის გუშინდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი იმედგაცრუება გახდა.
მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, გააუქმოს საკუთარი გადაწყვეტილება და დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად გულწრფელად იმუშაონ საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებისთვის, რათა შეთანხმება სრულად შესრულდეს სიტყვითაც და საქმითაც", - წერენ ევროპარლამენტარები.
მასალის გამოყენების პირობები