რუსეთში ჩეხეთის რადიოს რუსული ბიუროს საიტი დაბლოკეს. ბლოკირება „როსკომნადზორის“ გადაწყვეტილებით მოხდა. ცენზორებმა პრობლემურად 1 სტატია მიიჩნიეს. ამ სტატიის გამო, ჩეხეთის რადიოს ვებსაიტის ყველა გვერდი რუსეთში მიუწვდომელი გახდა. ჩეხეთის რადიოს პრესს-მდივანი ირჟი გოშნა ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო ცენზურის მაგალითია, რაზეც ოფიციალური ინფორმაციაც კი არავის მიუწოდებია. უბრალოდ ადგნენ და ერთ დღეს, გაუფრთხილებლად დამოუკიდებელი, უცხოური რადიოს რუსული ინტერნეტ გვერდი დაბლოკეს. „როსკომნადზორის“ ამ გადაწყვეტილების ფორმალური მიზეზი კი 20 წლის წინ გამოქვეყნებული პუბლიკაცია აღმოჩნდა, რომელიც იან პალახს ეხებოდა...
საქმე იმაშია, რომ 1969 წლის 16 იანვარს, „პრაღის გაზაფხულის“ სისხლიანი ჩახშობის შემდეგ, ჩეხეთის ოკუპაციის გამო პროტესტის გამოხატვის მიზნით, 20 წლის იან პალახმა პრაღაში, ვაცლავის მოედანზე თავი დაიწვა. დაღუპულის პორტფელში წერილები იპოვეს, რომლებშიც ის ხსნიდა, თუ რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება. ჩეხეთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ პალახის მიერ ჩადენილის მიზეზების დამალვა სცადა. ჩეხეთის სოციალისტური რესპუბლიკის მასობრივი ინფორმაციის კონტროლის უწყებამ იან პალახის შესახებ რაიმე ინფორმაციის გავრცელება აკრძალა და ქვეყნიდან უცხოელი ჟურნალისტებიც გააძევა. თუმცა, მალევე, 1973 წელს პალახის ნეშტი ჩეხეთის საბჭოთა სპეცსამსახურებმა მალულად გაიტაცეს და სხვა, ჩეხეთის ცენტრიდან უფრო შორს მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს. თუმცა, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, 90-იან წლებში, ნეშტი ისევ საპატიო ადგილას გადაასვენეს. 1989 წლის იანვარში, პალახის მიერ თავის დაწვის 20 წლისთავთან დაკავშირებით, პრაღაში სამოქალაქო პროტესტის სერია დაიწყო. 15 იანვრის მანიფესტაცია ძალისმიერი მეთოდებით დაშალეს, ხოლო მისი მონაწილეები, მათ შორის მომავალი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი დააპატიმრეს. დღემდე, იან პალახს ჩეხების გულებში განსაკუთრებული ადგილი უკავია, ის ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილია. მის შესახებ უამრავი სტატია, ნარკვევია დაწერილი, ასევე მის შესახებ ინფორმაციაც „ვიკიპედიაშიც“ უამრავია. იან პალახის პროტესტს, უამრავმა მომღერალმა, პოეტმა, მხატვარმა და მწერალმა თავისი ნაწარმოებები მიუძღვნა.
თუმცა, ახლა, რუსეთის ცენზორმა „როსკომნადზორმა“ იმისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ჩეხეთის რადიოს ფუნქციონირება შეეწყვიტა და ხელისუფლებისთვის არასასურველი, დამოუკიდებელი მედიის მუშაობისთვის ხელი შეეშალა, თავისი გადაწყვეტილება „თვითმკვლელობის პროპაგანდის“ ტირაჟირებით ახსნა და 20 წლის წინანდელი სტატიის გამო მთელი ვებგვერდი დაბლოკა.
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ებრძვის დამოუკიდებელ მედიას, მოაზროვნე ადამიანებს, ასევე კრიტიკულად განწყობილ ხალხს და ორგანიზაციებს ვლადიმერ პუტინის რეჟიმი. ამ ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბებს განსაკუთრებით 2020-21 წლებში მიაღწია. კრემლის რეპრესიულმა მანქანამ რეალურად შეუტია იმ მედია რესურსებს და მათ რედაქციებს, რომლებიც კრიტიკულად აშუქებდნენ რუსეთის ხელისუფლების საქმიანობას. რაში გამოიხატება ეს?
პირველ რიგში, ოპოზიციონერების და აქტივისტების განადგურება არასასურველ ორგანიზაციებად აღიარებით. ასეთებად მიიჩნევიან ორგანიზაციები, რომლებიც „საფრთხეს უქმნიან ფედერაციის კონსტიტუციური წყობის საფუძვლებს, თავდაცვისუნარიანობას და სახელმწიფოს უსაფრთხოებას“. როდესაც ესა თუ ის ორგანიზაცია არასასურველად მიიჩნევა, მისი ქონების და ფინანსების დაყადაღება ხდება, იხურება მისი ოფისები და წარმომადგენლობები, აკრძალულია მის შესახებ საინფორმაციო მასალების განთავსება, მათ შორის მედიის მიერ. 1 თვის წინ კანონი არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კიდევ უფრო გამკაცრდა. ასეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის და შექმნის შემთხვევაში ადამიანს კოლონიაში უკრავენ თავს. ფინანსური დახმარების (დონატების) აღმოჩენისთვის თავისუფლების აღკვეთაა უკვე გათვალისწინებული. ასე თითქმის სრულად განადგურდა „ФБК“, რომელმაც ნავალნიმ და მისმა თანაგუნდელებმა შექმნეს. ეს ორგანიზაცია უკვე აღიარებულია რუსეთში როგორც ექსტრემისტული და მან ფუნქციონირება შეწყვიტა. დღეს კი „როსკომნადზორმა“ Twitter-ს ლუბოვ სობოლის გვერდის დაბლოკვა მოსთხოვა. როგორც რუსული ცენზორის განცხადებაშია ნათქვამია, ამ გვერდის დაბლოკვა „ექსტრემისტული აქტივობის“ გამოა საჭირო. გუშინ „როსკომნადზორმა“ YouTube-ს ოპოზიციონერი ლეონიდ ვოლკოვის და ვლადიმირ მილოვის ანგარიშების დაბლოკვაც მოსთხოვა. მანამდე, ამ უწყებამ რუსეთის ტერიტორიაზე ის 40-ზე მეტი ვებ გვერდი დაბლოკა, რომლებიც ალექსეი ნავალნისთან და მის თანაგუნდელებთან იყვნენ კავშირში.
კრემლს აქვს მეორე და უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომლის გააქტიურება კრემლმა „დანოსების“ დახმარებით მოახდინა და მას „უცხოური აგენტის“ სტატუსის გაფორმება დაარქვა. ფიზიკურმა პირმა-მედია რესურსმა, რომელიც „უცხოურ აგენტად“ არის აღიარებული, უნდა დაარეგისტრიროს რუსეთში იურიდიული პირი და კვარტალში ერთხელ ჩააბაროს თავისი საქმიანობის და ფინანსების შესახებ ანგარიში იუსტიციის სამინიტროში. „უცხოურმა აგენტმა“ კანონის მიხედვით, ყველა მასალაში უშუალოდ საიტზე, ყველა მასალაში სოციალურ ქსელში, უნდა მიაწეროს რომ აღიარებულია „უცხოურ აგენტად“. ეს მინაწერი კი უნდა იყოს უფრო მსხვილი, ვიდრე მთავარი ტექსტი. თუ ეს არ მოხდება, მედია რესურსი დაჯარიმდება და ასევე მოხდება მისი ბლოკირება. ამასთანავე, თუ კი „უცხოური აგენტის“ სტატუსით შესაძლებელი მუშაობის გაგრძელება, თუნდაც დამატებითი სანქციების ქვეშ, არასასურველ ორგანიზაციად აღიარება და ამ ორგანიზაციაზე რაიმეს დაწერა, ფაქტიურად ნიშნავს ნებისმიერი საქმიანობის შეწყვეტას.
განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები. „უცხოური აგენტი“ „მედუზა“ გახდა, რომელიც მუდმივად წერს რუსეთში არსებულ კორუფციაზე, ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე და ერთ-ერთ ყველაზე დამოუკიდებელ და ავტორიტეტულ მედია პლატფორმას წარმოადგენს. „მედუზა“-ს თაობაზე „როსკომნადზორ“-ს კერძო პირმა მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ რედაქცია ლატვიიდან გრანტებს და რეკლამას იღებდა. მას მერე, რაც „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიიღო, „მედუზა“ რეკლამის მიმწოდებლების უმრავლესობამ დატოვა.
კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა ახალი კანონი „რადიო თავისუფლები“-სთვის. „რადიო თავისუფლებამ“ განაცხადა, რომ არ იტყვის უარს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის გავლაზე, თუმცა ყველა სტატიას, აუდიო თუ ვიდეო მასალას ვერ მიაწერს იმხელა ტექსტს, რადგან ეს ტექნიკურადაც შეუძლებელია. თუმცა, 14 მაისს, „რადიო თავისუფალი ევროპა“ / „რადიო თავისუფლების“ ყველა საბანკო ანგარიში დააპატიმრეს. ამ ყველასათვის ცნობილ და საპატივცემულო გამოცემის მოსკოვის ბიუროს თანამშრომლების ნაწილის პირდაპირი გაგებით ევაკუაციაც კი მოხდა უკრაინასა და პრაღაში. რედაქციის თანამშრომლების მიერ რუსეთის ტერიტორიის იძულებით დატოვება, მოსკოვის ბიუროს მუშაობის 30 წლიან ისტორიაში პირველად მოხდა. ყველაფერი კი ბანალურად, საბჭოთა წარსულის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით დაიწყო- „დანოსით“. პუტინის „მზარეულად“ წოდებული ევგენი პრიგოჟინთან ასოცირებული სააგენტო „ФАН“-ის დირექტორმა ევგენი ზუბარევმა, „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდები გამოიკვლია და „უამრავი დარღვევა“ იპოვა. იმისათვის, რომ თანამოქალაქეები ამ ბოროტებისგან დაეცვა, მან „როსკომნადზორს“ შეატყობინა. ამ უწყებამ სიგნალი სწორად გაიგო და „რადიო თავისუფლების“ სხვადასხვა ვებგვერდი შეამოწმა, სადაც მართლაც, „მშვენიერი“ დარღვევები აღმოაჩინა. გაკეთდა მათი „სქრინშოტები“ და ყოველი ეს ფაქტი დამოუკიდებელ დარღვევად გაფორმდა. ამის შემდეგ დაიწყო ადმინისტრაციული საქმეების წარმოება და ჯარიმების გამოწერა. 400-მდე პროტოკოლი სასამართლოში წაიღეს და ჯარიმები 300 მილიონ რუბლამდე აიყვანეს. „რადიო თავისუფლების“ რუსეთის ბიუროებმა რამდენჯერაც არ სცადეს ამის გასაჩივრება ზემდგომ ინსტანციებში, არც ერთმა სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ამ დევნის გამო „რადიო თავისუფლებამ“ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა. „რუსეთის ხელისუფლების ქმედებებში კონსტიტუციის და მედიის შესახებ კანონის დარღვევას, ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას ვხედავთ, სანქციების ზედმეტ გამოყენებას. ჩვენ 390-ჯერ დაგვაჯარიმეს იმისთვის, რაც ერთჯერადი დარღვევა იყო“-უთხრა BBC-ს „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი შარიმ.
არა ნაკლები რეპრესია განხორციელდა ცნობილი რესურსის „პროექტის“ მიმართ. რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველ ორგანიზაციად იურიდიული პირი „პროექტი“ აღიარა. „პროექტი“ რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებს. რუსეთის გენპროკურატურამ ჩათვალა, რომ „პროექტის“ საქმიანობა ძირს უთხრის რუსეთის კონსტიტუციურ წყობას და უსაფრთხოებას. „პროექტის“ მთავარი რედაქტორი რომან ბადანინი და ოთხი ჟურნალისტი „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეიყვანეს. ამ ჟურნალისტების სახლებში, ჩხრეკებიც ჩატარდა. ახლა იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც „პროექტს“ ქველმოქმედების სახით ფულს გადაურიცხავენ, სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ.
ასევე, უცხოური აგენტების რეესტრში ახლახან მოხვდა გავლენიანი ეკონომიკური გამოცემა VTimes, რომელიც „ვედომოსტის“ ყოფილმა თანამშრომლებმა შექმნეს. გამოცემა უკვე დაიხურა, რადგან ეს იყო ბიზნეს მოდელი, ხოლო რეკლამის მომწოდებლებსა და პარტნიორებისთვის გაუგებარია თუ როგორ უნდა ითანამშრომლონ „უცხოურ აგენტთან“.
მედია ანალიტიკოსი და ჟურნალისტი იგორ იაკოვენკო „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ყველაფერი „თავისუფალი მედიის განადგურების საქმეში მორიგი ეპიზოდებია.“ მისი აზრით, ახლანდელი რუსეთის რეჟიმი არსობრივად განსხვავდება კლასიკური ფაშისტური რეჟიმისგან. „ეს მისი ერთგვარი ვერსია, რომელიც აქამდე ისტორიაში არ არსებულა. ამიტომაც ამ რეჟიმს არ გააჩნია იდეოლოგია, ისინი არ ცდილობენ ვინმე თავის რწმენაზე მოაქციონ. წასვლა გინდა-წადი. ამით განსხვავდება ეს რეჟიმი სტალინური და ფაშისტური რეჟიმისგან."
მედიის უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გალინა არაპოვა BBC-სთან საუბარში ამბობს: „ეს სერიოზული რეპრესიული გამოხტომაა რუსი ჟურნალისტი-გამომძიებლების წინააღმდეგ. ის დემონსტრირებას ახდენს რუსეთის ხელისუფლების დამოკიდებულად დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ, ეს არის პასუხი ჟურნალისტურ გამოძიებებზე, რომლებიც ბოლო წლებში გამოქვეყნდა.“ არაპოვას ორგანიზაციაც რუსეთში აღიარებულია, როგორც უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი.
ამას გარდა, რამდენიმე დღის წინ კი, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურმა ( ФСБ ) შეადგინა იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაში არსებობს და რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაგრამ რომლის მოპოვების გამო შეიძლება ვინმე „უცხოურ აგენტად“ დაასახელონ. ამ ჩამონათვალში 61 პუნქტია. განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ნებისმიერი ის პირი შეიძლება ჩაითვალოს უცხოური აგენტის ფუნქციის შემსრულებლად, რომელიც „მიზანდასახულად აგროვებს იმ მონაცემებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო, სამხედრო-ტექნიკურ სფეროებიდან, რომლებიც უცხოური წყაროს მიერ მიღების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ.“ შესაბამისად, ახლა, ნებისმიერი ანალიტიკური სტატია, რომელიც შეიძლება შეეხოს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, ჯარს თუ კოსმონავტიკის სფეროს, შეიძლება ღალატად ჩაითვალოს და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს. თუ კი ვინმე რუსი ანალიტიკოსი, ანალიტიკური გამოცემა, სამხედრო სფეროში კრიტიკული სტატიის დაწერას დააპირებს ან უბრალოდ მიმოხილვას გააკეთებს და ეს შემდეგ მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამ პირს სახელმწიფო კანონით დასჯის. მერე რა, რომ მას სახელმწიფო საიდუმლო არ გაუთქვამს და არც აპირებდა თავისი ქვეყნის ღალატს, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ასევე, აიკრძალა საზღვარგარეთ ინფორმაციის გავრცელება „როსკოსმოსის“ საქმიანობის შესახებაც. ანუ ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუს ასტრონავტებს საფრენი კოსტიუმების ვადა ეწურებათ და ახლები არ აღირსეს. აწი ასეთი ინფორმაციები აღარ გამოჩნდება. ზუსტად სტალინის ეპოქის ჟანრში.
„BBC”-სთან პოლიტოლოგი ტატიანა სტანოვაია ამბობს, რომ ეს ჯერ კიდევ გზის დასაწყისია და კიდევ ბევრი დამოუკიდებელი მედია აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ. მისი თქმით, კრემლმა დაიწყო იმის დადგენა, რა არის მისთვის დაშვებული და რა არა. არასისტემურ ოპოზიციასთან გაასწორეს ანგარიში, ახლა კი რიგში მედია და ინტერნეტ პლატფორმები არიან.
ლევან თოლორაია
მასალის გამოყენების პირობები