ჯონ ჰერბსტის, უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორის განცხადებით, „თბილისი პრაიდზე“ თავდასხმა დანაშაული, ხოლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რეაქცია ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობაზე უარის თქმა იყო.
„ნეტგაზეთთან“ საუბარში ჰერბსტმა ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის ინტერესებზე საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში და აღნიშნა, რომ ვაშინგტონის დაინტერესება „შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო დიდი“.
„თავდასხმა თბილისი პრაიდზე იყო დანაშაული, ხოლო პრემიერ-მინისტრის რეაქცია — პასუხისმგებლობაზე უარის სერიოზული თქმა.
დემოკრატიის პირობებში მშვიდობიანი პროტესტი კრიტიკულად მნიშვნელოვანი უფლებაა. დამოუკიდებლობიდან 30 წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ეს უნდა გაიაზროს და შესაბამისად მიმოქმედოს. თავდამსხმელებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, პრემიერმა კი ამაზე უნდა იზრუნოს.
ალბათ, საქართველოს ყველაზე დიდი სიძლიერე ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე დემოკრატიული და ღია საზოგადოება იყო, მოვლენების ისეთი განვითარება, რომელიც ამის წინააღმდეგ მიდის, საქართველოს კანდიდატურას არ ეხმარება.
როგორც [პრეზიდენტ ბაიდენის] ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ასევე კონგრესის წევრებმა გააკეთეს განცხადება თავდასხმასა და მთავრობის რეაქციაზე.
რა თქმა უნდა, აშშ რჩება საქართველოს პარტნიორად და მხარდამჭერად კრემლის აგრესიასთან და ოკუპაციასთან ბრძოლაში. საქართველომ ავღანეთში დაამტკიცა, რომ ღირსეული პარტნიორია და დიდი ალბათობით, ექნება საშუალება შემდგომი თანამშრომლობისთვის ჩვენთან მომავალ ოპერაციებში.
აშშ კვლავ არის დაინტერესებული საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში, თუმცა ეს ინტერესი შეიძლება იყოს და უნდა იყოს უფრო დიდი“, — უთხრა დიპლომატმა „ნეტგაზეთს“.
წყარო: netgazeti.ge
მასალის გამოყენების პირობები