"რესპუბლიკური პარტია" თავის კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს რომელიმე ოპოზიციური ერთობის კანდიდატს დაუჭერს", - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.
"ოპოზიციურმა პარტიებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დავაზიანოთ ერთმანეთი... ამ არჩევნებზე მნიშვნელოვანია, რომ ეს 43% ვერ მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ყველა ამომრჩეველი გააქტიურდეს. მგონია, რომ ერთი კანდიდატი მაინც არ იქნება. რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ ერთი ოპოზიციური და ერთი სახელისუფლებო კანდიდატი იყოს, ამ მიზანს მაინც ვერ ვაღწევთ ისედაც. გახარია არის ერთ-ერთი მოთამაშე, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი მიიზიდოს, მას პრეტენზია აქვს ოპოზიციურ ამომრჩეველზეც იმუშაოს. ჩემი დაკვირვებით, ის არ არის ჯერ ოპოზიციურ ველზე შემძლე, რომ ამომრჩეველი მიიზიდოს, მაგრამ თუ ჩვენს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს არ ექნება რამდენიმე არჩევანი, შესაძლოა ის არ იყოს აქტიური არჩევნებზე, ან რაღაც ნაწილმა, გახარიასკენაც გაიხედოს, თუ ის კამპანიას მოასწრებს.
ვფიქრობ, უნდა იყოს რამდენიმე კანდიდატი, მკაფიოდ განსაზღვრული ხედვით, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. თუ მხოლოდ 43%-ზე ვკონცენტრირდებით და ამ ხედვას ამომრჩეველს არ ვაჩვენებთ, ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება.
შესაძლებელია არ დასახელდეს კანდიდატი, შესაძლებელია დასახელდეს. ეს არის რამდენიმე დღის საკითხი. „რესპუბლიკური პარტია“ თავის კანდიდატს არ დაასახელებს და მხარს რომელიმე ოპოზიციური ერთობის კანდიდატს დაუჭერს“, - განაცხადა სამნიძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები