"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ჩატარებული სოციალური მედიის მონიტორინგით დგინდება, რომ ფეისბუქზე საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მხარდაჭერის მიზნით მოქმედებენ გვერდები, რომლებიც მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფუნქციას ანონიმურად ითავსებენ. ამგვარ გვერდებზე, მთავრობის მიერ განხორციელებული, მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაციასთან ერთად, მმართველი პარტიისა და მის წარმომადგენელთა აქტივობები, განცხადებები და მათ მიმართ სხვა პირთა მიერ გამოთქმული დადებითი შეფასებებიც ვრცელდება. ამავდროულად, მათი ნაწილი სხვა პარტიების საწინააღმდეგოდ პოლიტიკურ კამპანიასაც აწარმოებს. მსგავს ფეისბუქგვერდებზე ქვეყნდება რეკლამებიც, რომელთათვის დახარჯული თანხის წარმომავლობა გაუმჭვირვალეა. “სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, ამგვარი ფეისბუქგვერდების ნაწილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და თავდაცვის სამინისტროსთან არის დაკავშირებული, მათ მართვასა დაკოორდინირებაში კი ამ უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების თანამშრომელთა ჩართულობა იკვეთება.
საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები
“სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გვერდებს ამჟამად ორი მხარდამჭერი ფეისბუქგვერდი უკავშირდება: “Bidzina Ivanishvili for Georgia” და “Irakli Garibashvili 4 Georgia”. აღნიშნული გვერდები მთავრობის აქტივობისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კომენტარების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას და, ამავდროულად, სხვა პარტიებისა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსების მადისკრედიტირებელ გზავნილებს ავრცელებენ. ამ გვერდებზე ფეისბუქის პირდაპირი ვიდეოჩართვები, ე.წ. ქროსპოსტინგის ფუნქციით, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ფეისბუქგვერდებიდან ქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ არაოფიციალურ მხარდამჭერ გვერდებზე საქართველოს მთავრობის ოფიციალური გვერდიდან ქროსპოსტინგით პირდაპირი ჩართვების გაშვება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. მანამდე კი, ღარიბაშვილის მინისტრობისას, აღნიშნული გვერდები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან იყო დაკავშირებული. “სამართლიანი არჩევნები” მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტები სახელმწიფო უწყებების მხრიდან ფეისბუქზე ანონიმურად მხარდამჭერ კამპანიაში ჩართულ გვერდებთან კოორდინაციაზე ან მათ მართვაზე მიუთითებს.
“Bidzina Ivanishvili for Georgia”-სა და “Irakli Garibashvili 4 Georgia”-ზე გამოსაქვეყნებელი პოსტებისთვის ერთი და იმავე შინაარსისა და დიზაინის, მცირედი დეტალებით განსხვავებული ფოტოები იქმნება. ეს გვერდები, ღარიბაშვილის მხარდამჭერ ჯგუფებთან ერთად, სწორედ ამ ფორმით, ერთდროულად ჩაერთნენ პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერ კამპანიაში, 5 ივლისის, სიძულვილის ჯგუფების ძალადობრივ აქციაზე ნაცემი ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას, გარდაცვალების შემდეგაც.
მხარდამჭერი ფეისბუქგვერდების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან კავშირზე მათთან დაკავშირებული ჯგუფებიც მეტყველებს. გვერდი “Bidzina Ivanishvili for Georgia” ფეისბუქზე ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფს, “ღარიბაშვილის ფაქტორს”, მართავს (2021 წლის 28 აპრილამდე ჯგუფი “ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების” სახელწოდებით მოქმედებდა). მოცემულ გვერდთან ერთად, ჯგუფი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ბექა მჭედლიშვილის სახელით იმართება.
მჭედლიშვილმა აღნიშნული თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ, დაიკავა. მანამდე, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და ციფრული კომუნიკაციების ჯგუფის ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა.
Სახელწოდებით “ღარიბაშვილის ფაქტორი” ფეისბუქზე კიდევ ორი ჯგუფი მოქმედებს, რომელთაგან ერთს გვერდი “Irakli Garibashvili 4 Georgia” მართავს. აღნიშნული ჯგუფი მიმდინარე წლის 16 თებერვალს შეიქმნა და, გვერდთან ერთად, მის ადმინისტრატორად ბარბარე მერაბიშვილია მითითებული. Მისი Linkedin-ის ანგარიშის მიხედვით, იგი 2020 წლის იანვრიდან თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. Მერაბიშვილის ელ. ფოსტა თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ფეისბუქგვერდის მიერ რეკლამების განმათავსებლადაც იყო მითითებული. ბოლო რეკლამა მისი საკონტაქტო ინფორმაციით სტრატკომის გვერდზე 2021 წლის 14 თებერვალს გამოქვეყნდა, ამჟამად კი სხვა მონაცემებია მითითებული. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბიშვილის ანგარიშიდან ჯგუფებში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ სიახლეების გავრცელება დღემდე გრძელდება.
2021 წლის 30 აპრილს “ღარიბაშვილის ფაქტორი” დაერქვა კიდევ ერთ ჯგუფს - “დასაქმება და ვაკანსიები თბილისში”, რომელშიც, ასევე, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შესახებ. აღნიშნულ ჯგუფშიც ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პოსტებს, ძირითადად, ბარბარე მერაბიშვილი აქვეყნებს.
***
რა დანიშნულება აქვთ სტრატკომებს?
თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამინისტროს ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფია. სტრატკომის ფეისბუქგვერდის აღწერაში ვკითხულობთ, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დეზინფორმაციასა და ყალბ ამბებთან ბრძოლაა. სტრატკომის ამოცანებად, ასევე, დასახულია მედიასთან, სახელმწიფო და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა და ნატოს-თან თანამშრომლობაზე ცნობიერების ამაღლება. დეპარტამენტის საქმიანობის ერთ-ერთი კომპეტენცია, სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების საინფორმაციო უზრუნველყოფა, მონიტორინგი და განახლებაცაა. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ძირითად ამოცანებად დასახულია ერთიანი სამთავრობო საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, მედიასთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა და სხვ. თუმცა, მხარდამჭერი გვერდებისა და ჯგუფების კავშირი სტრატკომების თანამშრომლებთან და არადეკლარირებული რეკლამების განთავსება ქმნის ეჭვს, რომ უწყებების რესურსი, რომლებიც ზემოაღნიშნულ საკითხებთან გამკლავებისთვის უნდა გამოიყენებოდეს, არამიზნობრივადაც გამოიყენება.
კოორდინირებულად მოქმედი გვერდებისა და ჯგუფების აქტივობა მიუთითებს, რომ მთავრობის სტრატკომი ფეისბუქის გამოყენებით მოქმედებს პარტია “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად და დაკავშირებულია მმართველი პარტიისა და მისი ლიდერების სასარგებლოდ ანონიმურად წარმოებულ პიარკამპანიასთან.
ამგვარი ფარული აქტივობის თავდაცვის სამინისტროსთან კავშირი, მეტწილად, ემთხვევა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდს. მხარდამჭერ გვერდებთან კოორდინაციის თავდაცვის სამინისტროდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადანაცვლების დრო ემთხვევა სამინისტროს სტრატკომის უფროსის მოადგილის მთავრობის ადმინისტრაციაში გადასვლის პერიოდს. ფეისბუქის ე.წ. ქროსფოსთინგ ფუნქციის გამოყენება ოფიციალურ და მხარდამჭერ გვერდებს შორის კოორდინაციისა და მათ მიერ გავრცელებული საერთო ნარატივების ნიშანია. უცნობია ამჟამად მთავრობასთან, ხოლო წარსულში თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ ერთ-ერთ გვერდზე განთავსებული რეკლამებისთვის დახარჯული თანხის წარმომავლობაც. წინამდებარე დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია კი, მთლიანობაში, აჩენს სერიოზულ ეჭვს, რომ საქმე საჯარო რესურსების არამიზნობრივად გამოყენებასთან გვაქვს" - ნათქვამია ISFED-ის კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები