ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ ეცდება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამჯერად 3/5 კვორუმით ეყრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევისთვის სულ მცირე 90 ხმა იქნება საჭირო.
პარლამენტმა ხმათა 2/3-ით ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩია, თუმცა ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მხარდაჭერა. კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცესკო-ს პროფესიული წევრის ადგილზე უმრავლესობა გიორგი ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.
თუ 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.
მასალის გამოყენების პირობები