ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარდგენას გამოეხმაურა და აღიშნა, რომ "ოცნებამ" თავისი უსუსურობით მოახერხა ის, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი დღეს მერობის კანდიდატია.
აღნიშნულ კომენტარს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გახარიას კენჭების სროლის ნაცვლად, ურჩევნია თავად იყაროს კენჭი თბილისის მერობის კანდიდატობაზე და საზოგადოება თავად გადაწყვეტს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი:
"არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის წარმოვადგენ სამიზნეს და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იყაროს კენჭი, დადგეს კანდიდატად და ნათქვამით კი არ შემოიფარგლოს, საქმით დაამტკიცოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის არის მართალი და მე ვარ მტყუანი", - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები