ენმ-ს თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ქალაქის მასშტაბით სიძლვილის პლაკატების გაკვრის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი საფირმო ნიშანი საზოგადოებაში შუღლისა და ზიზღის გაღვივებაა. მისივე თქმით, ამ ქალაქში სიძულვილისა და ზიზღის ადგილი აღარაა, საზოგადოება კი იმსახურებს ისეთ თბილისს, სადაც პატივისცემა სიძულვილს გადააჭარბებს:
"ალბათ ძალიან მიამიტობა იქნება, თუ ვიტყვით, რომ ვინმეს გაუკვირდა ის, რაც გუშინ ხელისუფლებამ დამართა თბილისის ქუჩებს. ბევრი მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ უნდა გაგვიკვირდეს. პირველი მიზეზი ისაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც ხელისუფლება "ქართული ოცნების" სახით არის წარმოდგენილი მართვის სადავეებთან, მათი მთავარი საფირმო ნიშანი სწორედ ეს არის - ძალადობა, ზიზღი, შუღლის გაღვივება, ბოღმის ნთხევა. ამას ახორციელებდნენ მთელი 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა ფორმებით.
მეორე მიზეზი - ვიცით, რომ ამ ზიზღის ფრქვევის ავანგარდში დგანან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მაგალითისთვის, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში ძალადობს ჟურნალისტებზე და ძარცვავს... პრემიერმინისტრი ავანგარდში დგას ამ ძალადობის, ზიზღის კამპანიის ფრქვევის. "ქართული ოცნების" პრაქტიკულად ყველა დეპუტატი, ფიზიკურად არის ჩართული ამ ძალადობაში. ძალადობენ კოლეგა ოპოზიციური პარტიების დეპუტაციაზე, მათ შორის ქალ დეპუტატებზე. ამაში გასაკვირი არაფერია.
ამ ქალაქში სიძულვილის და ზიზღის ადგილი აღარ უნდა იყოს. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი შვილები და მაგალითად კახი კალაძის შვილები ერთად უნდა ცხოვრობდნენ ამ ქალაქში, საერთო სკოლებში მოუწევთ სიარული, საერთო სპორტულ დარბაზებში. აქედან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც სიძულვილი არ სჭარბობს პატივისცემას, ვიმსახურებთ ისეთ თბილისს, სადაც არ არის შურისძიება, არამედ არის მიტევება დომინანტი. ამისთვის საჭიროა, საღი აზრის ფარგლებში მოვექცეთ ყველანი და ამ ზიზღის კამპანიის წარმოების შესაძლებლობა, გასაქანი ხელისუფლებას არ მივცეთ. მთავარია, მივიდეთ საარჩევნო ურნებთან და ამ ზიზღის კამპანიას გავცეთ პასუხი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები