პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია ღარიბაშვილის გადადგომის საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ ეს თავად პრემიერის გადასაწყვეტია, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს საკუთარი მოქალაქეების მიმართ. გახარიას განმარტებით, 5 ივლისის ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით, საჭირო პარლამენტმა შს მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს მოუსმინოს და ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამოიყენოს, რათა საბოლოოდ გამოიძიონ მომხდარი:
„ნებისმიერი ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, აქ მრავალწერტილი და „მაგრამ“ არ არსებობს. აქ არის ჩვეულებრივი წერტილი. რაც შეეხება ჩვენი პარტიის ხედვას, სამწუხაროდ, ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა, რომ ვხედავთ გარემოს, სადაც „ოცნების“ დღევანდელი ბოსები და „ნაციონალური მოძრაობა“ შეხმატკბილებულად ასაზრდოებენ ერთმანეთს. ისინი უკიდურესი ძალადობისკენ მოუწოდებენ მომხრეებს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ზოგმა ვერ გაიგო რას ნიშნავს, როდესაც პარტია „საქართველოსთვის“ ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ „ნაცმოძრაობა“, დიახ, ის ესთეტიკა ძალადობის, რაზეც უარი არ იყო ნათქვამი, უნდა დავამარცხოთ. მაგრამ „ოცნების“ შემთხვევაში უნდა დავამარცხოთ არაკომპეტენტურობა და უსუსურობა, რომელიც ამ პარტიას და დღეს მის ხელმძღვანელობას ახასიათებს. ეს ასაზრდოებს ძალადობას.
საგამოძიებო კომისია არის საპარლამენტო მუშაობის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, საგამოძიებო კომისიამდე, მე თუ მკითხავთ, პარლამენტმა უნდა მოუსმინოს შინაგან საქმეთა მინისტრს, პრემიერ-მინისტრს და ყველა შესაბამის თანამდებობის პირს. ამ მოსმენის შემდეგ, ყველა ინსტრუმენტი უნდა იყოს გამოყენებული, რომელიც პარლამენტის ხელშია იმისთვის, რომ საბოლოოდ იყოს გამოძიებული დამკვეთების დონეზე, რა მოხდა 5 ივლისს, განსაკუთრებით სისტემური და ორგანიზებული თავდასხმა ჟურნალისტებზე. რა თქმა უნდა, ყველა ამ ინსტრუმენტში მონაწილეობას მივიღებთ“,- აცხადებს გახარია.
მასალის გამოყენების პირობები