გირჩი - მეტი თავისუფლება თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მასშტაბით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლებს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, გადაწყვეტილება მიღებული იქნა კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით.
კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქჯგუფში 23 ივლისს 12:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდა. გადაწყვეტილებას 232(54,72%) მომხრე და 192(45,28%) წინააღმდეგი ჰყავდა.
ასევე , როგორც პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, გირჩის წარმომადგენელი იქნება თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატი.
"ასევე მჯერა რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე მთავარი ამოცანაა ოპოზიციამ ჯამში აიღოს 58%-ზე მეტი. ამისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციამ აჩვენოს რომ აქეთ ფლანგზე არსებობს კომპრომისების და თანამშრომლობის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია ახლაც და მნიშვნელოვანი იქნება როდესაც მივაღწევთ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს და დადგება მომავალი კოალიციური მთავრობის შესაძლო ფორმირების საკითხი. ამას ელოდება როგორც ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ისე ამას ელოდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.
2 ოქტომბრისთვის, ყველგან, მთელს საქართველოში, ყველა მუნიციპალიტეტში, გირჩი - მეტი თავისუფლება ეცდება ჰქონდეს პარტიული სია და ჰყავდეს საკუთარი მერობის/გამგებლობის/მაჟორიტარობის კანდიდატები. გამონაკლისი იქნება მხოლოდ თბილისი, სადაც ჩვენ გვექნება პარტიული სია მაგრამ არ დავაყენებთ საკუთარ მერობის კანდიდატს და მხარს დავუჭერთ ნიკა მელია/ელენე ხოშტარიას.
ამავე დროს, თბილისში ჩვენ გვეყოლება ვიცე-მერისა და რამდენიმე მაჟორიტარობის კანდიდატი, რომლებიც იმედი გვაქვს მიიღებენ შესაბამის მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიების მხრიდან", - წერს ჯაფარიძე.
მასალის გამოყენების პირობები