"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი , ნიკა მელია, აცხადებს, რომ მისთვის თბილისი პოლიტიკაზე მეტია.
მისივე თქმით, "დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა: მე თბილისს ვემსახურები, თბილისს , რომელიც პოლიტიკაზე მეტია".
"დადგა დრო, თბილისის მერი ამაყად დადიოდეს თბილისის ქუჩებში და შეეძლოს ხმამაღლა თქმა: მე თბილისს ვემსახურები, თბილისს , რომელიც პოლიტიკაზე მეტია. დიახაც, ჩემთვის თბილისი, პოლიტიკაზე გაცილებით მეტია!
თბილისი, როგორც საქართველოს მთავარი ქალაქი მუდამ განაპირობებდა საქართველოს პოლიტიკას, კულტურას, მეცნიერებას, სულიერ და ეკონომიკურ ცხოვრებას.
თბილისის ოპერა, პირველი ქართული უნივერსიტეტი, დავით სარაჯიშვილი და მისი ღვაწლი, დიმიტრი ყიფიანის პერიოდი თბილისის ცხოვრებაში, ილია ჭავჭავაძე ქალაქის მმართველობაში, პირველი მუზეუმები, თეატრები, გაზეთი ივერია, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის დასაწყისი, დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, ქალაქი მდიდარი თავისი უნიკალური ხმებით, მოქალაქეებით, თბილისელებით, მხატვრობით - ყველაფერი ამით თბილისი იყო არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დედაქალაქი. თბილისი კვლავ უნდა გახდეს კავკასიის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და სამეცნიერო დედაქალაქი. თბილისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ფუნქცია, თბილისში უნდა აღდგეს ყველასათვის ძვირფასი შინაარსები, ღირებულებები, ტრადიციები.
თბილისს ჰქონდა კიდევ ერთი დიდი ტრადიცია- მარადიული განახლების და ახალი თაობისთვის კარის გაღების ტრადიცია.
დადგა დრო, თბილისის მთავარი მამოძრავებელი მისი არაჩეულებრივი ახალგაზრდები გახდნენ. დადგა დრო, მათ წინაშე ყველა კარი გაიღოს, რადგან, დიდი და მდიდარი ისტორიის თბილისი მათ უნდა აცოცხლონ, გააუმჯობესონ და წინ წაიყვანონ.
დადგა დრო, თბილისმა მოიპოვოს, დაიმკვიდროს ნამდვილი და სრულყოფილი თვითმმართველობა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საკრებულოს, რათა ერთის მხრივ გააკონტროლოს თბილისის მერია ხოლო ორივემ ერთად აღასრულოს თბილისელების ნება- სურვილი.
სწორედ ამიტომაც, მე თქვენს წინაშე დღეს მარტო არ ვდგავარ. გვერდით არც ჩემი პარტიის წარმომადგენელი მიდგას. დადგა დრო, რომ არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მმართველობა პირველად იყოს კოალიციური, ურთიერთ კონტროლზე და ჯანსაღ კონკურენციაზე დაფუძნებული. სწორედ ეს არის განვითარების, კეთილდღეობის და კორუფციის დამარცხების ყველაზე სწორი და გამოცდილი საშუალება.
დადგა დრო, რომ ერთიანობა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით და გადაწყვეტილებებით დავამტკიცოთ კოალიციისა და მრავალპარტიულობისთვის მზადყოფნა!", - განაცხადა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები