ზუგდიდში მომხდარ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ზ.კ., ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 23 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურთან, ბიზნეს წილებთან დაკავშირებით არსებული უთანხმოების გამო, მამა-შვილი - 1959 წელს დაბადებულ გ.ლ. და 1981 წელს დაბადებულ გ.ლ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გ.ლ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ხოლო, მეორე დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
პოლიციამ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - ორი ცალი პისტოლეტი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, მკვლელობა ზუგდიდში დღეს დილით მოხდა. მამა-შვილს ბენზინგასამართ სადგურზე ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც 60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი შვილი კი მძიმედ დაიჭრა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
მასალის გამოყენების პირობები