ბათუმის ბულვარში მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთმა თანამონაწილემ თვითმკვლელობა სცადა. ის საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან გადმოხტა, თუმცა ვარდნისას დაზიანებები არ მიუღია, რადგან ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დამცავი ლეიბის გაშლა მოასწრეს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, ახალგაზრდა მამაკაცი უშუალოდ მკვლელობის მონაწილეა თუ თანამონაწილე. ის ახლა კლინიკაშია გადაყვანილი, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, თვითდაზიანებები მიიყენა:
"მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული ამას გამოძიება დაადგენს და ყველაფერს გაეცემა პასუხი. ჩვენთვის ყველაზე მთავარი იყო, რომ ადამიანი უვნებლად არის ჩვენთან და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- აცხადებს აჭარის პოლიციის უფროსი ავთო გალდავა.
შეგახსენებთ, ბათუმის ბულვარში მკვლელობა წუხელ ღამით მოხდა. ახალგაზრდებმა ერთ-ერთი კაფეს დაცვის სამსახურის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. მომხდარს წინ უძღოდა კონფლიქტი.
საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები