უნიკალური აღმოჩენა - საქართველოში 25 000 წლის წინანდელი ადამიანის დნმ-ით დამტკიცდა, რომ ევრაზიის კონტინენტის მოსახლეობა კავკასიური გენის მატარებელია
ეს საინტერესოა - 09:56, 22 Jul, 2021     7014

საქართველოს, ავსტრიის, ბრიტანეთის, დანიის, ირლანდიის, ისრაელის სამეცნიერო ინსტიტუციების მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგად წამყვან სამეცნიერო ჟურნალში „Current Biology“ გამოქვეყნდა სტატია „სედიმენტიდან მიღებული 25,000 წლის წინანდელი დნმ-ი, ადამიანის, მგლისა და ბიზონის გენომის სეკვენირებული შკალა“ (Genome-scale sequencing and analysis of human, wolf, and bison DNA from 25,000-year-old sediment). სტატიაში აღწერილია საწურბლიას მღვიმეში (დას. საქართველო, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) 25 ათასი წლის წინანდელი ადამიანისა და ძუძუმწოვრების ბირთვული და მიტოქონდრიალური დნმ-ი, რომელიც გაიშიფრა “shotgun” მეთოდით.

სტატიის ავტორები: პ. გელებერტი, ს. სავიერი, ა. ბერგსტორმი, ა. მარგარიანი, თ. კოლინი, თ. მეშველიანი, ა. ბელფერ-კოენი, დ. ლორთქიფანიძე, ნ. ჯაყელი, ზ. მაცკევიჩი, გ. ბარ-ოზი, დ. ფერნანდესი, ო. ჩერენეტი, კ. ოზდოგანი, ვ. ობერეიტერი, რ. ფინეი, მ. შტალშმიდტი, პ. სკოგლუნდი, რ. პინჰასი

კვლევა ეყრდნობა 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიციის (ხელმძღვანელი თენგო მეშველიანი) მიერ მოპოვებული მასალის ანალიზების შედეგებს.

უძველესი დნმ-ის შესწავლა რთული პროცესია, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ან სრულად ქრება დნმ-ი ან ძნელია მისი გაშიფვრა. მღვიმის მშრალი და ცივი კლიმატი კი კარგ პირობებს ქმნის დნმ-ის შესანარჩუნებლად. მეცნიერების ინტერნაციონალურმა ჯგუფმა გამოიყენა ინოვაციური მეთოდი და შეძლო სეკვენირების შედეგად გამოეყო გარემოს დნმ-ით მდიდარი მასალა. Current Biology-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილია მღვიმის ნიადაგიდან (აქამდე კვლევები ანთროპოგენულ ან ფაუნისტურ მასალაზე ტარდებოდა) მიღებული დნმ-ის გაშიფვრის შედეგად მიღებული შედეგები, რომელიც აღწერს სამი ძუძუმწოვრის პოპულაციის ისტორიას.

ამ ახალმა მეთოდმა დაამტკიცა, რომ ძვლოვანი მასალის/ჩონჩხის არ არსებობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია გარემოს გენომის მიღება. ანალიზით დამტკიცდა, რომ SAT29 ნიმუში წარმოადგენს ადამიანის იმ გამქრალ გენს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დღევანდელი დასავლეთ ევროპის მოსახლეობის გენეტიკაში. შედეგების გადასამოწმებლად მეცნიერებმა შეადარეს ძუძუანას მღვიმეში აღმოჩენილი ადამიანის ძვლოვან მასალას და დაასკვნეს, რომ ამ ორ ინდივიდს ერთნაირი გენეტიკური მახასიათებელი აქვს. აღნიშნული კვლევით კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ, ევრაზიის კონტინენტზე, უკანასკნელი გამყინვარების შემდგომ პერიოდში, ძირითადი მოსახლეობა სამხრეთ კავკასიის გენის მატარებელია.

კვლევამ გამოავლინა სავარაუდოდ გადაშენებული კავკასიური მგლის და ძაღლის მემკვიდრეობითი ხაზი, ასევე ევროპული ბიზონის გენი, რომლის მემკვიდრეა თანამედროვე სახეობა. მიღებული შედეგები ახალ მონაცემებს იძლევა გვიან პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) ძუძუმწოვართა სამი სახეობის გენეტიკის ისტორიაში და აღწერს ნიადაგში დნმ-ის სეკვენირების ‘shotgun’ მეთოდის გამოყენების შედეგებს, რომელიც იძლევა ჩვენი წინაპრის შესახებ უფრო ფართო ინფორმაციას და მის ფილოგენეტიკური კავშირების დადგენის შესაძლებლობას.

სამხრეთ კავკასიამ, რომელიც კაცობრიობის კულტურათა გზაჯვარედინათაა მიჩნეული, კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული გავლენა ძველი მსოფლიოს ისტორიაში.

გამოხმაურება სტატიაზე შეგიძლია იხილოთ ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში როგორებიცაა: Science, Science Daily, SCI*NEWS, HERITAGEDEILY Biology, TECHNOLOGY NETWORK Applied Science და სხვა.

საწურბლიას მღვიმე 1975 წელს აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ ალ. კალანდაძის ხელმძღვანელობით. 1976, 1985-1988, 1990-1993 წლებში მღვიმეში არქეოლოგიური სამუშაოების კ. კალანდაძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ხოლო, 2008-2010 წწ., 2012-2017 წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის, წყალტუბოს ქვის ხანის შემსწავლელი საერთაშორისო, ინტერდისციპლინური ექსპედიცია, თენგო მეშველიანის ხელმძღვანელობით, აწარმოებდა სტაციონარულ გათხრებს. ძეგლზე ფიქსირდება პლეისტოცენის (ზედაპალეოლითური) და ჰოლოცენის (ენეოლითური და უფრო გვიანი) ხანის არქეოლოგიური მასალა. ძეგლის გათხრები მიმდინარეობდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, NGGE, IRCHSS და ERC-ის დაფინანსებით.

ძეგლზე ჩატარებული ინტერდისციპლინური კვლევები არაერთხელ მომხდარა საერთაშორისო სამეცნიერო წრეების ყურადღების ქვეშ. კვლევებს მიეძღვნა სამეცნიერო სტატიები; 2014 წელს PLOS ONE-ში გამოქვეყნდა სტატია: Satsurblia: New Insights of Human Response and Survival Across the Last Glacial Maximum in the Southern Caucasus, სადაც აღწერილია უკანასკნელი გამყინვარების შემდეგ (17,900–16,200 cal.BP) პერიოდში გამოვლენილი განსხვავებული კულტურა (ქვის დამუშავების ტექნოლოგია), რომელიც აღმოსავლეთ ეპიგრავეტის მსგავსია. ამ ტექნოლოგიამ (ადგილობრივი ეპი–გრავეტი), შეავსო ის ჰიატუსი, რომელიც საქართველოს ზედაპალეოლითურ ქვის დამუშავების ტიპოლოგიაში არსებობდა. საწურბლიას მღვიმეში ასევე აღმოჩნდა საცხოვრებელი დონე – იატაკი, რომელიც ანთროპოგენური პროცესების შედეგადაა წარმოქმნილი და აქამდე საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმეებში არ იყო აღმოჩენილი.

2015 წელს National Comunication-ში, გამოქვეყნდა სტატია Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern eurasians“. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა საწურბლიას მღვიმის გვიანზედაპალეოლითური ხანის, 13. 3000 წლის და კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის, უკანასკნელი მონადირე–შემგროვებელის 9, 7000 წლის ადამიანის გენი და შედარდა შვეიცარიის ტერიტორიაზე ნანახ თანადროულ გენს, აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიური გენი არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მემკვიდრეები არიან უკანასკნელი გამყინვარების შემდგომი პერიოდის ევროპელები. სამხრეთ კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (CHG), მიეკუთვნება განსხვავებულ, უძველეს შტოს, რომელიც აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ადამიანის (Homo sapiens) ორი მიგრაციული ტალღის მემკვიდრეა: პირველი 45,000 წლის წინანდელის, რომელიც ევროპაში გადაადგილდებოდა და მეორე, 25 000 წლის წინანდელი მიგრაციის, რომლებმაც სათავე დაუდო ევროპაში ნეოლითური ხანის მწარმოებლურ მეურნეობას. აღმოსავლეთ ევროპისკენ მიგრაციის დროს, ამ ორივე ტალღას გამოყოფილი ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ახლანდელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა იზოლირებულად ვიდრე ადრებრინჯაოს ხანაში არ გაავრცელა თავისი კულტურა ჩრდილოეთით, კერძოდ იამნაიას კულტურის მატარებელ ტომებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42