ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე უკრაინის ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან საქართველო - უკრაინის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი ტენდენციები, რომელიც ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასა და გაზრდილ ექსპორტს მოიცავს. მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა, არსებობს სექტორები, სადაც შესაძლებელია მეტი კოორდინაცია და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
აღინიშნა, რომ უკრაინა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის. 2021 წლის პირველ ხუთ თვეში ორმხრივი ვაჭრობა 32 პროცენტით, ხოლო ექსპორტი - 72 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა უკრაინელი ტურისტებისთვის. მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში უკრაინიდან ვიზიტორთა რაოდენობა ზრდადი დინამიკით ხასიათდება და ამ მაჩვენებლით უკრაინა ტოპ-ქვეყნების ხუთეულში შედის.
სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოთი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით, რომლებიც საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. ასევე ყურადღება გამახვილა საქართველოში მოქმედ თავისუფალ ინდუსტრიუ ზონებსა და იქ ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებზე, აგრეთვე თანამშრომლობის გაღრმავებაზე სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ცენტრებთან.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და უკრაინა რჩებიან მნიშვნელოვან სავაჭრო - ეკონომიკურ პარტნიორებად და ძალისხმევას მიმართავენ ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები