მეუფე ნიკოლოზის საჯარო აღიარებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე გამოეხმაურა. "მთავარ არხთან" საუბარში მან აღნიშნა, რომ მეუფე ნიკოლოზის აღიარება საჯარო დასტურია იმისა, რომ დეკანოზი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება:
"ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი ძმის საქმე იყო მიწყნარებული და მიჩუმებული და რადგან მეუფე ნიკოლოზმა გადაწყვიტა თავის Youtube-არხზე ამ გადაცემის ჩაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ღიად ადასტურებენ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ მეუფე ნიკოლოზი საპატრიარქოს პრეს-სპიკერადაც კი მოიაზრება და აქედან გამომდინარე, ამ განცხადებით ისინი უკვე ღიად ადასტურებენ, რომ ჩემი ძმა არის უდანაშაულო. და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხზე პოსტიც გაავრცელა, სადაც დაწერა, რომ დეკანოზის პოზიციას მხოლოდ მისი ოჯახის წევრები იზიარებდნენ და გამოხატავდნენ:
"მიტროპოლიტი ნიკოლოზის გუშინდელმა ლაივმა კვლავ წამოწია დროებით მიყუჩებული "ციანიდის" თემა. ამასთან დაკავშირებით, მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო: მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მრავალი რესპონდენტი არსებობს, მამა გიორგის პოზიციას გამოვხატავთ მხოლოდ მისი ოჯახის წევრები. ჟურნალისტებს და დაინტერესებულ პირებს ვთხოვ, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება" - წერია პოსტში.
შეგახსენებთ, გუშინ მეუფე ნიკოლოზმა პირდაპირ ეთერშიც დაადასტურა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მოკვლას არ აპირებდა და ის ციხეში ამ ბრალდებით უკანონოდ ზის.
მასალის გამოყენების პირობები






