"ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას, აღმოსავლეთ პარტნიორობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - ამის შესახებ მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ, ბათუმში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
სანდუმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით:
"ჩვენი მონაწილეობა მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული, როგორც სტრატეგიული პლატფორმა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად... ასევე იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ევროპული დემოკრატიული კეთილდღეობის მიმართულებით.
აღმოსავლეთ პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნების ნამდვილი წარმატებაა, ჩვენ დღითიდღე ვაუმჯობესებთ ჩვენს ხილვადობას ევროპაში და ეს პლატფორმა გვეხმარება, რომ დამატებითი ინსტრუმენტების საშუალებით საერთო გამოწვევებს გავუმკლავდეთ. კონსოლიდირებული ძალისხმევის სარგებელი ნათელია", - თქვა მაია სანდუმ.
მისივე თქმით, მთავარ პრობლემებთან და გამოწვევებთან ბრძოლა ახლა სწორედ საკუთარ ქვეყნებში უნდა დაიწყონ:
"ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროკავშირთან ინტეგრაციასთან დაკავშირებით სახლში გველის, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, სამართლის უზენაესობის გაძლიერება, სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულობის გაზრდა, ანტიკორუფციული სისტემის გაძლიერება დაგვიბრუნებს ნდობას მოსახლეობის მხრიდან, ესაა აუცილებელი", - თქვა მაია სანდუმ.
მასალის გამოყენების პირობები