ქართველ ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვასთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება. ოქსანა აპირებს, რომ საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟს მიმართოს, რადგან საქართველოს ოლიმპიური კომიტეტიდან მან პასუხი ვერ მიიღო. ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტში სპორტსმენი წერს, რომ სამართალი სამშობლოში ვერ იპოვა.
"გადავწყვიტე ვცადო და საჩივარი შევიტანო საერთაშორისო სპორტულ არბიტრაჟში, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს შედეგი, რადგან ჯერჯერობით არავის სურს პასუხისმგებლობის აღება, მათ არაპროფესიონალიზმსა და უპასუხისმგებლო შეცდომაზე, - წერს ოქსანა კალაშნიკოვა.
შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვას ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოპოვებული აქვს, მაგრამ ტოკიოში ვერ მიდის, რადგან ქართულ მხარეს ოფიციალური განაცხადი არ გაუგზავნია. მის ოფიციალურ მიმართვაზე საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციამ უპასუხა, რომ წესების სრული დაცვით გადაუგზავნა საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს დოკუმენტაცია კალაშნიკოვას მიერ ლიცენზიის მოპოვების შესახებ, რაც თავის მხრივ, საქართველოს მხარეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის უნდა გადაეგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები