ამ დროისთვის, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა და ჰოლანდიის პროკურატურამ ჰოლანდიის კანონმდებლობით მიმდინარე სასამართლოს, მომხდარის შესახებ ერთადერთი ვერსია წარუდგინეს. მასალები მოიცავს როგორც მოვლენების აღწერას, ისევე ექსპერტიზების შედეგებს, თვითმხილველთა ჩვენებებს, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებს, ე.წ ბილინგებს, ფოტო და ვიდეო მასალებს. ჰოლანდიის პროკურატურამ ამ ეტაპზე ბრალი 4 პირს წაუყენა. აქედან სამი რუსეთის, ხოლო ერთი უკრაინის მოქალაქეა. ესენი არიან არაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ყოფილი „თავდაცვის მინისტრი“ იგორ გირკინი, მისი თანამზრახველები სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი და ლეონიდ ხარჩენკო. ჰააგის სასამართლოსთან, ისიც მხოლოდ ადვოკატების მეშვეობით, დისტანციურად თანამშრომლობა მხოლოდ ოლეგ პულატოვმა გაბედა, დანარჩენმა სამმა მიმდინარე სასამართლოს იგნორირება გაუკეთეს და კრემლის დეზინფორმაციის უკან დაიმალნენ. ჰოლანდიის პროკურატურა ამ ოთხეულს იმაში ადანაშაულებს, რომ სწორედ მათ გამოითხოვეს რუსეთის სამხედრო ბაზიდან სარაკეტო-საზენიტო დანადგარი, შეარჩიეს სასტარტო მოედანი „ბუკისთვის“ და მისი ტრანსპორტირების ორგანიზება მოახდინეს. სწორედ ამ რუსული სარაკეტო დანადგარიდან მოხდა იმ რაკეტის გასროლა, რომელიც „მალაიზიურ ბოინგს“ მოხვდა. ეს საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის და სასამართლოს ერთადერთი ვერსიაა. სხვა ალტერნატიული ვერსიები, რომლებსაც რუსული მხარე წლობით აყენებდა ( აფეთქება ბორტზე, უკრაინული ავიაგამანადგურებელი, უკრაინული „ბუკი“ და სხვა) სასამართლომ რეალობასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.
დღეისათვის მოპოვებული ყველა მტკიცებულებით დგინდება, რომ სწორედ რუსეთის სპეცსამსახურები და თავდაცვის სამინისტრო ეხმარებოდა აღმოსავლეთ უკრაინაში გამაგრებულ სეპარატისტებს, მისცა მათ წვდომა საკუთარ შეიარაღებაზე და ტრანსპორტირებაშიც დაეხმარა, რამაც ასეთი მასშტაბის ტრაგედია გამოიწვია. კრემლი კი მაინც დღემდე ცდილობს პასუხისმგებლობას თავი აარიდოს. საინტერესოა, რომ EUvsDisinfo-ს მონაცემთა ბაზაში ინახება 300-ზე მეტი დეზინფორმაციის მაგალითი „მალაიზიური ბოინგის“ საქმეზე კრემლის მხრიდან. ამ მცდელობების განმასხვავებელი ნიშანი ტრაგედიის „ალტერნატიული ვერსიების“ შექმნა იყო, მათ შორის ევროპის მედია სივრცეშიც.
გავიხსენოთ, რომ 2020 წლის იანვარში ირანის საჰაერო თავდაცვამ ირანის ცაში უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. რამდენიმე დღის შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ თავისი ბრალეულობა აღიარა, გამომძიებლებს ჩამოსვლის საშუალება მისცა და მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდაზე დათანხმდა. ანალოგიურად მოიქცა უკრაინა მას მერე, რაც 2001 წელს ფატალური შეცდომის შედეგად, რუსული სამგზავრო ლაინერი ჩამოაგდო. სამწუხაროდ, ისტორიას მსგავსი ტრაგედიები ბევრი ახსოვს, თუმცა უმრავლეს შემთხვევებში შეცდომები და დანაშაულებების აღიარება ხდება, ამა თუ იმ ქვეყნის ლიდერებს ჰყოფნით ჰუმანურობა ამისთვის. თუმცა, ეს არ ეხება რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც კვლავ აგრძელებს სიმართლის მიჩქმალვას. ამის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ჰააგაში მიმდინარე სასამართლო პროცესი დასრულდება და შედეგებს მთელი მსოფლიო იხილავს.
ორი დღის უკან, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ ტრაგედიის მეშვიდე წლისთავზე აბსოლუტურად სწორად თქვა: „მსოფლიოს და უკრაინას ახსოვს „მალაიზიური ავიახაზების“ 298 მსხვერპლის შესახებ. ამ კატასტროფაში დამნაშავეების დასჯა არა მხოლოდ დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის არის მნიშვნელოვანი.“
ლევან ნონეშვილი
მასალის გამოყენების პირობები