წელის ტკივილი და, ზოგადად, ტკივილი ხერხემლის არეში, თანამედროვე ადამიანებისთვის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ის ამბულატორიული მიმართვების უხშირეს მიზეზსა და საკმაოდ საყურადღებო ჩივილს წარმოადგენს. როდესაც საქმე ტკივილს ეხება, რევმატოლოგები განარჩევენ ტკივილის რიტმს, ისევე როგორც სხვადასხვა რისკფაქტორს, საბოლოოდ კი სვამენ დიაგნოზს.
წელის ტკივილის რიტმებზე, მკურნალობის მეთოდებსა და თანამედროვე მიდგომებზე თოდუას კლინიკის რევმატოლოგ ლელა ტაბიძეს ვესაუბრეთ. მან გაგვიზიარა ინფორმაცია დაავადების დინამიკასა და საშუალებებზე, რომლებიც სახლის პირობებში ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება.
– წელის ტკივილის რა სახეები არსებობს და რა იწვევს მათ?
– ზოგადად, ტკივილი და მათ შორის წელის ტკივილიც, შესაძლოა იყოს ანთებითი ან მექანიკური ხასიათის.
მექანიკური ხასიათის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს მჯდომარე ცხოვრების წესით, ჭარბი ან არასწორი ფიზიკური დატვირთვით. ასეთ დროს, ტკივილის ინტენსივობა პიკს აღწევს დღის ბოლოს ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, დამახასიათებელია სტარტული ხასიათის ტკივილიც.
რაც შეეხება ანთებითი რიტმის წელის ტკივილს, ის მეტად მწვავედაა გამოხატული მოსვენებულ მდგომარეობაში და უმჯობესდება მოძრაობასთან ერთად. ხშირად პაციენტს გამთენიისას აღვიძებს ტკივილი და აიძულებს, რომ ადგეს, მოძრაობა დაიწყოს და თანდათან ტკივილის ინტენსივობაც იკლებს.
კრიტიკული მნიშვნელობისაა ტკივილის რიტმის შეფასება, რათა არ გამოგვეპაროს ხერხემლის ანთებითი დაავადებები - სპონდილოართრიტები, რომლებიც ყველაზე ხშირად ახალგაზრდა პოპულაციაში გვხვდება და დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არასათანადო მკურნალობის პირობებში ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა მუდმივი ხასიათის ტკივილი, მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა და შრომისუნარიანობის დაქვეითება.
– როდის უნდა მიმართოს წელის ტკივილით შეწუხებულმა ადამიანმა ექიმს?
– ტკივილი არის პირველი სიგნალი, რომელიც მიანიშნებს პაციენტს დაავადების არსებობაზე. ამიტომ, სასურველია, ახლად აღმოცენებული ტკივილისთანავე დაიგეგმოს ექიმთან ვიზიტი, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და დაავადების სწორი მართვა. ხერხემლის ანთებითი დაავადებების შემთხვევაში - სპონდილოართრიტების არსებობისას, სწორედ გვიანი მომართვიანობა განაპირობებს გამოუსწორებელი დეფორმაციების ჩამოყალიბებასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას.
– როდის ნიშნავთ მედიკამენტურ მკურნალობას და თუ არის მეთოდები სახლის პირობებში წელის ტკივილისგან თავის დასახსნელად?
- პირველ რიგში, პაციენტებს თავად შეუძლიათ საკუთარი რისკფაქტორების შეფასება. მაგალითად, მექანიკური დაზიანებებით გამოწვეული დაავადებების ძირითადი რისკფაქტორებია ჭარბი წონა, მჯდომარე ცხოვრების წესი, ადინამია, არასწორი ან ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, მაშინ როცა ანთებითი დაავადებებისას ყურადღება ექცევა ართრიტის ან ფსორიაზის გენეტიკურ ანამნეზს, ნაწლავების და/ან თვალის ანთებითი დაავადებების არსებობას.
მექანიკური დაზიანებისას წამლით მიღებული დადებითი ეფექტის შესანარჩუნებლად ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩართვაა საჭირო. რეკომენდებულია, წონის კონტროლი და ვარჯიში, რადგან ზედმეტი კილოგრამები და მოდუნებული კუნთები, ხერხემალს ზედმეტად ტვირთვას და იწვევს მის დაზიანებას. ვარჯიშის სახეობა სასურველია, შეათანხმოთ ექიმთან, რადგან ნებისმიერ ტიპის ფიზიკური დატვირთვა არაა მიზანშეწონილი იმ ადამიანებისათვის, ვისაც წელის ტკივილი აწუხებს.
რაც შეეხება ანთებით დაავადებებს - სპონდილოართრიტებს, აქ უფრო ხანგრძლივი მკურნალობაა საჭირო. მსუბუქი ვარჯიში ამ დროსაც აუცილებელია, თუმცა ამ შემთხვევაში ის მხოლოდ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს.
– როგორ მკურნალობით წელის ტკივილს და სვამთ დიაგნოზს თოდუას კლინიკაში?
– თოდუას კლინიკის რევმატოლოგიურ სამსახურს გააჩნია კვლევების სრული სპექტრი. ჩვენთან ხდება ხერხემლის დაავადებების სრული გამოკვლევა, როგორც ანთებითი, ასევე მექანიკური ტკივილის შემთხვევაში. კლინიკაში დანერგილია უაღრესად გამართული რადიოლოგიური მიმართულება. ამდენად, დიაგნოსტიკის მიმართულებით გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ წელის ტკივილი სწორად კლასიფიცირდეს და ზუსტი დიაგნოზი დაისვას. რაც შეეხება მკურნალობას, ფეხდაფეხ მივყვებით და ვიყენებთ საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს ამ დარგის მიმართულებით. ბოლო პერიოდში, სწორედ ჩვენი რევმატოლოგიური სამსახურის მიერ, ითარგმნა და ადაპტაციის პროცესშია სპონდილოართრიტების მართვის ამერიკული რეკომენდაციები.
– რამდენად შორსწასული ფორმების შემთხვევაში ინიშნება ქირურგიული ჩარევა ხერხემალზე წელის ტკივილის სამკურნალოდ?
– რასაკვირველია, ქირურგიას აქვს შეუცვლელი როლი ხერხემლის დაავადებების მართვაში, განსაკურებით როცა ვსაუბრობთ ხერხემლის მექანიკური დაზიანებით გამოწვეულ დაავადებებზე, მაგ.: დიდი ზომის თიაქარი, სპინალური სტენოზი და ა.შ. აკად.ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრს ჰყავს კვალიფიციურ ნეიროქირურგთა გუნდი და ჩვენს კლინიკაში ამ ტიპის ოპერაციებიც სრულად ხელმისაწვდომია, თუმცა, მთელი ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თუ ქირურგიის თვიდან აცილება შესაძლებელია, ეს ასეც მოხდეს.
მასალის გამოყენების პირობები