საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრამდე მედიასთან გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაშო ბოლო დროს მიმდინარე მძიმე პოლიტიკური მოვლენები იქნება. სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილავენ სასამართლო რეფორმამდე მოსამართლეების დანიშნვას, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება:
„თქვენ იცით, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისი, იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლების პირდაპირი თანამონაწილეობით მედიის წარმომადგენლებზე უპრეცედენტო ძალადობა ვიხილეთ. შესაბამისად, ცხადია, ჩვენი საუბრის თემა იქნება, პირველ რიგში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, მაგრამ ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ესმოდეს რა გამოწვევების წინაშე დგას ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერეთ და რომელსაც ჰქვია მიშელის დოკუმენტი. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ ეს შეთანხმება დაარღვია, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დანიშნა. დაარღვია ეს შეთანხმება, როცა არ გაითვალისწინა ოპოზიციის პოზიციები რიგ საკითხებზე როგორიცაა საარჩევნო რეფორმება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ხელისუფლება საფრთხეს უქმნის მიშელის დოკუმენტის შესრულებას და იმ პოლიტიკური ამოცანების განხორციელებას, რასაც მიზნად ისახავდა ამ დოკუმენტის გაფორმება. ცხადია, გვექნება საუბარი ყველა ამ გამოწვევაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა 5 ივლისს მომხდარ მოვლენებზე უნდა აიღოს ხელისუფლებამ. ცხადია, ამაზეც გვექნება საუბარი ჩვენს ევროპელ კოლეგასთან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები