ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა, რომლებიც მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცს ამუშავებდნენ და ბაზარზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის ხორცად ასაღებდნენ. უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტების დამზადება-გასაღებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინალურ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ საქონლის, მათ შორის დაავადებული ან მკვდარი ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი ბაზრობაზე განთავსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ხორცის სახით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნისნული სასაკლაოს ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა დიდი ოდენობით სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენის ხორცი, სხვადასხვა საქონლის, მათ შორის ვირის ნარჩენები და დასაკლავად განკუთვნილი ორი კვიცი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1971 მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულებთან შესაძლო დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით" - ნათქვამია ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები