"ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის , გია ვოლსკის, აცხადებით, მმართველი პარტია კონკრეტულ ტელევიზიებთან კომუნიკაციას სრულად წყვეტს.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" წევრები კრიტიკული ტელევიზიებს ბოიკოტს აქამდეც უცხადებნენ, არ დადიოდნენ მათ ეთერებში. ბოლო დროს ეს პრაქტიკა ნაწილობრივ შეცვალეს და "მთავარ არხსა" და ტვ "პირველზე" მათთან ინტერვიუს სპეციალური ფორმატი შეიქმნა, თუმცა ბოიკოტი მაინც დარჩა "ფორმულას" მიმართ. დღეს კი ქართული ოცნების წევრებმა ტელერეპორტიორებს კომენტარის მიცემაზეც კი უარი უთხრეს.
"არ ვართ განწყობილი" - თქვა მან პარლამენტში, ბრიფინგზე და განცხადების შემდეგ ტრიბუნა დატოვა.
ვოლსკის განმარტებით, კრიტიკულ მედიასთან ბოიკოტი მანამ გაგრძელდება, სანამ "ნორმალური ურთიერთობა" არ დაბრუნდება.
"მოწმე გავხდით გაუგონარი, საქართველოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის აბსოლუტურად შეუფერებელი, მორალურ-ფსიქოლოგიური ტერორის. ეს ხორციელდება კონკრეტული ტელევიზიების მიერ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მიმართ და რაც მთავარია, კონკრეტული პოლიტიკური პოზიციიდან. სრულიად უზნეოდ და სრულიად დაუსაბუთებლად, ასევე ამორალურად, გარდაცვლილი კოლეგის საკითხს იყენებენ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში.
სანამ ჩვენ არ დავბრუნდებით ნორმალური ურთიერთობის, რესპონდენტისა და ჟურნალისტის ურთიერთობის ფორმატში, თუნდაც უმწვავესი შეკითხვებით, თუნდაც უმწვავესი დაპირისპირების, ჩვენ არ ვართ განწყობილი და სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრტულ ტელევიზიებს", - თქვა გია ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები