რამდენიმე ხნის წინ ერთი ჩემი ნაცნობი შემხვდა აქ. ცხადია, საქართველოს ამბები გამოვკითხე. დამშვიდობებისას მითხრა, დიდი ცირკი იწყებაო.
მართლაც დიდი საცირკო წარმოდგენაა გამართული. ზოგი ყირას ჭიმავს, ზოგი მინისტრის პორტფელით გამორბის არენაზე, ზოგი ასევე ამ არენაზე სიასამურის ბეწვს ირგებს და სიგელ-გუჯარებს აფრიალებს, ზოგიც ტაბურეტით დარბის.
სპორტსმენებმა, რეჟისორებმა, დრამატულმა კინომსახიობებმა პროფილი შეიცვალეს და მოსახლეობას, ანუ ერთგულ და მუდმივ მაყურებელს ახალ-ახალ წარმოდგენებს უმართავენ.
ყველაზე დიდი მოწონება მაინც ცხოველების მომთვინიერებელს აქვს. ეს უაღრესად ნიჭიერი ბუგრიმოვი შეთავსებით ილუზიონისტიც არის და ნომრებს შორის მაყურებელს შავი ფრაკით და ცილინდრით ევლინება, საიდანაც თეთრ კურდღელს ამოახტუნებს ხოლმე. მტრედებს ხომ სულ წყვილ-წყვილად აფრენს.
დაძაბულ მომენტში შუქი ქრება და … დიდხანს არ ინთება. ეს ახალი სიტყვაა საცირკო ხელოვნებაში.
ქართული ინოვაციით ქალი ჯამბაზებიც ბლომად გამოჩნდნენ და ტრაპეზის მსახიობებს ეჯიბრებიან ილეთების შესრულებაში.
რადგან დიდ გალიებში ცნობადი სახეები სხდებოდნენ ხოლმე, ცხოველების მომთვინიერებელმა ეს ლომების შეურაცხყოფად მიიღო. ამიტომ გალიების ნომერი აღარ გამოაქვთ. ზებრების და ცხენების ნაცვლად არენაზე მიდის შავი ჯიპებით გრიალი.
ასევე აეკრძალა მაყურებელს ადგილიდან წამოძახილი, საგნების გადმოყრა და ფუნის სროლა. ამისთვის სპეციალურად დაქირავებული ჯამბაზი ჰყავთ.
საერთოდ, მოქცევის მკაცრ ნორმებს იცავენ და ბუგრიმოვის ბრძანებებს ემორჩილებიან. მითუმეტეს, რომ ყველა წარმოდგენაზე ბილეთები მის მიერ არის შესყიდულ-გამოსყიდულ-გადაოფშორებული.
რუს ივანუშკებს დანატრებულმა მაყურებელმა ძლივს შვებით ამოისუნთქა გასტროლიორი ჯამბაზების გამასპინძლება-გადმოპატიჟებით.
აბა რომელი ცირკი იქნება ქონდრისკაცუნების გარეშე?
მაყურებელი ისევეა მონუსხული, როგორც მე ვიყავი ბავშვობაში: რა პატარაა და როგორი დანაოჭებული სახე აქვს! თვალს ვერ ვწყვეტდი.
ეს ეფექტი მუდამ მუშაობს. უამრავი ქონდრისკაცი შემორბის ჩქარი ტაშით. შემორბიან, ქელუკებს მაღლა სწევენ, ესალმებიან, დარბიან, არბიან-ჩარბიან, ფუსფუსებენ, სხვების გაკეთებულს ეტაკებიან, წამოაქცევენ, უხარიათ, მაყურებელი იცინის.
საქმის კეთების ილუზიას ჰქმნიან. ზუსტად ისე, როგორც მომთვინიერებელმა დააკვალიანა და ახლა კულისებიდან უწონებს მოქმედებას. ერთი დაქანებული შესასვლელიც მოახლაფორთეს. უცხო სახელი "პანდუსი" დაარქვეს დიდი წონისთვის და გახარებულებმა დიდი ზარ-ზეიმით და მარშის მუსიკით გახსნეს.
ჯამბაზების ოინებს ხომ ბოლო არ უჩანს: ხანდახან მაყურებელს ცივ წყალსაც გადაასხამენ, მაგრამ მონუსხულ-აღფრთოვანებული პუბლიკა ამას გაგებით ეკიდება, სუნთქვაშეკრული კულისების ფარდის მოძრაობას აკვირდება და ელის, როდის გამოფრინდება იქიდან მშვიდობის მტრედი პირში ასდოლარიანით ან თუნდაც ბეღურა – რუბლით.
მუსიკა გრძელდება. წარმოდგენა შესვენების გარეშე მიდის.
ნანა ხიზანიშვილი, ვაშინგტონი.
მასალის გამოყენების პირობები






