ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახეზეა ორკესტრირებული დანაშაული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ.
იგი ამავე პოსტში ეხმაურება, ოპერატორის ცხედრის გატაცებასაც და აღნიშნავს, რომ ეს არის კარგად ნაცნობი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით განხორციელებული სპეც ოპერაცია.
"სახეზეა დანაშაული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელიც ცრუ პატრიოტული მოწოდებებით ორკესტრირებულად განახორციელა
1.საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველების უშუალო სანქცირებით.
2. მათთან დაახლოებულმა ხშირ შემთხვევაში ეკლესიას ამოფარებულმა და მის წიაღში ღრმად ფესვგადგმულმა რუსულმა აგენტურამ .
დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩადენილი სიძულვილით სავსე ძალადობის ფორმით, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული სიკვდილით არ დასრულებულა, მთავრობამ დღეს პანიკური შიშით დაბნეულმა ცხედარი გაიტაცა.
სახეზეა უკვე კარგად ნაცნობი დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით განხორციელებული სპეც ოპერაცია!
საამწუხაროდ საქართველოს მართავს სისხლის სამართლის დამნაშავეთა კრებული და მათი შეჩერება ივანიშვილის ჯიბის სასამართლოს პირობებში შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ აჯანყებულ მოქალაქეს, რისი ლეგიტიმური საფუძველი დიდი ხანია არსებობს!" - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
შეგახსენებთ, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ სირცხვილიას ოფისის დარბევისას მათგან ძალადობის მსხვერპლი გახდა, გარდაიცვალა.
შსს-მ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები