საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციამ მაღალრეიტინგული საერთაშორისო გამოცემა Business Traveller Middle East-ის ჟურნალისტს მელანი სვანს უმასპინძლა.
4-დღიანი ტურის ფარგლებში სამოგზაურო და საავიაციო ჟურნალის წარმომადგენელი ყვარელს, ანანურს, სტეფანწმინდას, ჯუთასა და მცხეთას ესტუმრა. ტურისტული ლოკაციების გაცნობის შემდეგ, გამოცემის ჟურნალისტი მელანი სვანი საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს, რომელსაც მსოფლიოში ცნობილი ავიაკომპანიების მგზავრები გაეცნობიან.
"ასეთი ტურები საშუალებას გვაძლევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სპარსეთის ყურის ქვეყნებში პოზიციონირება მოვახდინოთ იმ ტურისტული პროდუქტების, რომელსაც ჩვენს პოტენციურ ვიზიტორებს ვთავაზობთ. მნიშვნელოვანია რომ Business Traveller-ის ჟურნალი მხოლოდ აეროპორტებსა და თვითმფრინავის ბორტებზე არ ვრცელდება, გამოცემას ინტერნეტ სივრცეში 1.4 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას გაეცნობა", - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
Business Traveller Middle East ჟურნალი საერთაშორისო გამოცემის Business Traveller-ის ქსელის ნაწილია, რომელიც 14 ქვეყანასა და რეგიონში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებშია წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები