18 დაკავებული ბრალს აღიარებს - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მისი საქმიანობის მხარდაჭერისთვის პროკურატურამ 31 პირს ბრალი წარუდგინა
კრიმინალი - 17:43, 09 Jul, 2021     1597

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, მათი საქმიანობის მხარაჭერისა და მისი წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულ 31 პირს ბრალი წარედგინა. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებული 31 პირიდან 18 მათგანი აღიარებს კრიმინალურ ავტორიტეტებთან კავშირს:

"საქართველოს პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვის ფაქტზე 31 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 18 პირი - გ.ვ., ა.ა., ა.შ., ს.ტ., თ.ტ., თ.ჭ., მ.ჭ., ა.მ., გ.ჯ., ა.ჯ., ზ.ა., ბ.ა., გ.ჭ., ი.გ., თ.ნ., შ.ლ., გ.ვ. და ა.ა. აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად მონაწილეობენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით აღნიშნული პირები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში და ქურდულ შეკრებებში, რომელიც შეეხებოდა პირის ქმედების შეფასებას, დავის გადაწყვეტას, სხვადასხვა პირებისთვის კრიმინალურ სამყაროში დამკვიდრებული სტატუსის შეცვლას და ქურდული სამყაროს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას და გადაწყვეტას. ბრალდებულები დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა. თვრამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებიდან 12 პირი: გ.ხ., ა.შ., ლ.ვ., მ.ფ., ბ.ხ., ს.მ., ლ.ტ., გ.ბ., ნ.ი., გ.რ., ლ.გ. და ზ.გ. ინფორმირებულები არიან ქურდული სამყაროს საქმიანობის შესახებ, კავშირი აქვთ ქურდული სამყაროს წევრებთან და ამ სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა პირებთან. 2021 წლის იანვრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით ბრალდებულები რუსთავში, თბილისში, გორში, ბათუმში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, ახორციელებდნენ აქტიურ ქმედებებს, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ქურდულ გარჩევებში, გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს, იგივე „ობშიაკის“ შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს. აღნიშნულ პირებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვის ფაქტზე ორ პირს- მსჯავრდებულს ზ.კ.-ს და გ.ბ.-ს ბრალდება წარედგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.კ. „ქურდული სამყაროს“ წევრებს და მხარდამჭერებს უკავშირდებოდა და ერთ-ერთი მსჯავრდებულის მიმართ ქურდული გარჩევის მოწყობას ითხოვდა.

ასევე, გ.ბ.-მ, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ჩამდენებისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს ქურდული გარჩევის მოწყობა სთხოვა.

ზ.კ-ს და გ.მ-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42