აუდიტის შედეგების მოკლე ანალიზი დღეს კულტურის სამინისტროში მინისტრის აპარატის უფროსმა ლევან ხარატიშვილმა წარმოადგინა.
მისი განცხადებით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აუდიტის ჩატარება გეგმურ სტანდარტულ პროცედურას წარმოადგენს. ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები. კერძოდ, გიორგი უშიკიშვილის მიერ ცენტრში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დამოწმებულია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თანხებზე, ერთი და იმავე საგანზე წარმოდგენილია გაორებული შესრულებულ სამუშაოთა და მიღება-ჩაბარების აქტები.
ფოლკლორის ცენტრის ბალანსზე რიცხულ შენობაში უკანონოდ ფუნქციონირებს გიორგი უშიკიშვილის მიერ პირადად დაფუძნებული შპს "ფოლკ რადიო" და არასამეწარმეო იურიდიული პირის სკოლა-სტუდია "აი-ტი". ფოლკლორის ცენტრის სტრუქტურაში მოქმედი სკოლა-სტუდია გიორგი უშიკიშვილმა გამოყო ფოლკლორის ცენტრიდან და პირადად გახდა აღნიშნული სკოლა-სტუდიის მფლობელი წლების განმავლობაში. ფოლკლორის ცენტრში არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია, რაც უხეშად არღვევს სახელმწიფო ქონების განკარგვისა და მართვის დადგენილ ნორმებს.
ასევე შიდა აუდიტის დასკვნის შედეგად წლების განმავლობაში საჯარო ხელშეკრულებები კანონმდებლობის დარღვევით ფორმდებოდა. გამოვლინდა ცენტრის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი. კერძოდ, მინისტრის აპარატის უფროსის, ლევან ხარატიშვილის თქმით, გიორგი უშიკიშვილის პირად საკუთრებაში არსებულ აქციებზე იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები. ამასთან, ლევან ხარატიშვილმა ისაუბრა გიორგი უშიკიშვილის მიერ ცენტრის მართვის არასწორი პოლიტიკის შესახებ და შემოქმედებითი საკითხების ერთპიროვნული გადაწყვეტილების ტენდენციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






