პოლიციის შენობის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 46 წლის ლევან გაჩეჩილაძის დედა სამართალდამცველებს მისი შვილის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს.
მანანა გაჩეჩილაძის განცხადებით, მის შვილს პოლიციის განყოფილებაში უფროსთან მოუვიდა შელაპარაკება. ქალი ასევე ამტკიცებს, რომ დაშავებულის გადმოგდებისთვის პოლიციას ფული აქვს აღებული:
"ჩემი შვილი ოჯახური ძალადობისთვის დაიბარეს პოლიციაში. მიაკითხა ორმა პირმა და მიიყვანეს პოლიციაში. მესამე სართულიდან ამბობენ, რომ პოლიციამ გადმოაგდო. ვინც დაურეკა პოლიციას, იმას აყვანილი ჰყავდა ეს პოლიციელები, ფული აქვს გადახდილი, რომ როგორმე გადმოაგდოთ, მოეტეხათ მისთვის კისერი. ვითხოვ პოლიციელების დასჯას და როგორც წაიყვანეს ჩემი შვილი საღსალამათი, ისეთი ჩამაბარონ" - აღნიშნავს მანანა გაჩეჩილაძე.
ცნობისთვის, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ლევან გაჩეჩილაძე 23-ე დღეა კლინიკაშია მოთავსებული. დედის განცხადებით, სამართალდამცველები მისი შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევენ.
მასალის გამოყენების პირობები