ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია, ამბობს, რომ 5 ივლისს, როდესაც ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, თბილისში არ იმყოფებოდა, მეორე დღეს კი აქციაზე შეგნებულად არ მივიდა, რადგან მისი მისვლა სიტუაციას დაძაბავდა. მელიას მტკიცებით, მისი ჩასვლით სისხლი დაიღვრებიდა და ხელისუფლება დამნაშავედ მას გამოაცხადებდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, სად იყო ოპოზიცია და კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ და საპროტესტო აქცია გაიმართა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აქციაზე არმისვლა მისი პირადი გადაწყვეტილება იყო.
"სად ვიყავით? სადაც ვართ წლების განმავლობაში, იქ ვიყავით. არაფერი ახალი არ მომხდარა, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კამპანია გახსნა. პირველ დღეს თბილისში არ ვიყავი. ათ საათზე დაიწყო დარბევა და რომც ვყოფილიყავი, რა უნდა გაგვეკეთებინა. მეორე დღეს დიახაც, ვიყავი თბილისში და რუსთაველის გამზირზე შეგნებულად არ ჩავედი. ეს იყო კონკრეტულად ჩემი პრინციპული გადაწყვეტილება, რომ იქ არ ვყოფილიყავით.
ჩემი იქ ჩასვლა ძალიან გაზრდიდა ძალადობის ალბათობას. მეტიც, დარწმუნებული ვარ, ეჭვიც არ მეპარება, რომ იქ დაიღვრებოდა სისხლი. თანაც ისე დაიღვრებოდა, ქართულ ოცნებას არ გაუჭირდებოდა, ერთ-ერთ მთავარ დამნაშავედ მე გამოვეყვანე", — ამბობს მელია TV პირველის ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები