„ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა,“ - ამ განცხადებით დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.
„ვერანაირი ვანდალიზმი, ვერანაირი გარე და შიდა მტერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს იმ მისწრაფებას, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას აქვს. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და ვართ ევროპელები - ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ჩვენი წინაპრები პირველი რესპუბლიკის დროსაც იზიარებდნენ იმ ფასეულობებს, რასაც ევროპა და ევროპელობა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ დაგმო ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობა.
„ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი და დარწმუნებული ვარ, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, წინააღმდეგი იქნება როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის. ეს კატეგორიულად მიუღებელია თითოეული ჩვენგანისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები