საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ძალადობას გმობს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მოინახოს ის გზები, რომლითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ პრობლემატურ თემებზე, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული.
„მინდა, გამოვეხმაურო ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში მიმდინარე მოვლენებს. აუცილებლად მინდა, დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რომ ნამდვილად ვგმობ ყველანაირ აგრესიას და ძალადობას ნებისმიერი ჩვენი მოქალაქის მიმართ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ და მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ საით მივდივართ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი, ყველას ერთიანი მიზანია ევროპული ქვეყნების ოჯახის წევრობა. თითოეული მსგავსი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩვენს ამ მიზანს მნიშვნელოვნად გვაშორებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვნახოთ გზები, რომლითაც მოვახდენთ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ვისაუბრებთ ამ პრობლემატურ თემებზე. შესაბამისად, აგრესიას ვაქცევთ კონსტრუქციულ დიალოგად და ჩვენი, ყველა მოქალაქის უფლება იქნება დაცული. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ აგრესია და ძალადობა არც ქართული ტრადიციაა და რა თქმა უნდა, ის ვერ იქნება ევროპული ტრადიცია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები