ყოფილი პრემიერმინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძის ლევან თუმანიშვილის სასამართლო პროცესზე, რომელიც დღეს გაიმართა, ერთერთმა მომწმემ განაცხადა, რომ მას წარმოდგენა არა აქვს ლევამ თუმანიშვილის მიერ კანონის დარღვევაზე, რადგან პროკურატურის დავალებით ხელი „რაღაც ფურცელს მოაწერა“.
„ფინანსურ პოლიციაში დამიბარეს და ხელი მომაწერინეს რაღაც ფურცელზე, არავითარი განცხადება ლევან თუმანიშვილის წინააღმდეგ არ დამიწერია“, - განაცხადა ბრალდების მოწმემ.
ამის შესახებ ლევან თუმანიშვილის შვილმაც დაწერა:
„დღეს იყო მამაჩემის პროცესი სადაც მოწმემ (რომლის საჩივრის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება) სასამართლო სხდომაზე განაცხადა რომ განცხადება მას არ დაუწერია და ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს და ხელი მოაწერინეს რაღაც ფურცელზე“, - წერს სტეფანე თუმანიშვილი.
განმარტებისთვის: დასახელებული მოწმის ჩვენება ერთერთი მთავარი იყო იმ ჩვენებებს შორის, რაც საფუძვლად დაედო ლევან თუმანიშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებას.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ლევან თუმანიშვილი 2012 წლის დეკემბერში, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი საწარმოს, შპს "ტაოს" თანამშრომლები სამცხე- ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე- ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც მოპოვებული ხე- მასალა მიჰქონდათ მის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში, რის შედეგადაც ბიუჯეტმა, საერთო ჯამში, 150 ათასი ლარით იზარალა.
ვანო მერაბიშვილმა აღნიშნულ დაკავებაზე განცხადება მაშინვე გაავრცელა და ხაზი გაუსვა, რომ მისი ბიძის დაკავება თავად ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება, თუმცა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ საქმესთან არანაირი კავშირი არა აქვს იმ ფაქტს, რომ დაკავებული ვანო მერაბიშვილის ბიძაა.
მასალის გამოყენების პირობები






