აიპ ,,სოციალური დაცვის ლიგამ" თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში 2013 წლის 15 ივლისიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SIDA) და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, განახორციელა პროექტი: ,,საქართველო ბარიერების გარეშე - გადაადგილების ინტერნეტრუკა ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის“ .
პროექტის მიზანი იყო ეტლით მოსარგებლე და გადაადგილების შეზღუდვის მქონე შშმ პირებისთვის გარემოს ხელმისაწვდომობის შესახებ საინფორმაციო ინტერნეტრუკის შექმნა. საქართველოში პირველად შეიქმნა ვებგვერდი www.pandusgeorgia.com, რომელიც ეტლით მოსარგებლე ან, უბრალოდ, გადაადგილების შეზღუდვის მქონე ადამიანს ონლაინ რეჟიმში ინტერნეტის საშუალებით აწვდის ადაპტირებული შენობების შესახებ ამომწურავ ფოტოინფორმაციას. მას თავისუფლად შეუძლია, წინასწარ განსაზღვროს გადაადგილების ტრაექტორია, იმოძრაოს დამოუკიდებლად, ბარიერების გარეშე. ვებგვერდი google-maps რეჟიმში ფუნქციონირებს.
ჩვენ მიერ შექმნილი საიტი უდიდესი დახმარებაა შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის პროცესში. სპეციალური ფუნქციები ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, თავადაც ჩაერთოს საიტის შემდგომ სრულყოფაში. შემოქმედებით ჯგუფს დიდი იმედი აქვს, რომ მალე ამ რუკაზე საქართველოში არსებული ნებისმიერი ადაპტირებული გარემო დაიტანება.
საქართველოს პარლამენტში ა.წ. დეკემბრის თვეში ,,შშმ პირთა დაცვის კონვენციის“ რატიფიცირება უნდა მოხდეს და ამ მიმართულებით უკვე სახელმწიფო რეგულაციებიც ამოქმედდება, ადვოკატირების პროცესიც დაიწყება.
აღნიშნული პროექტის შედეგების და შექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება 2013 წლის 20 დეკემბერს 15:00 საათზე, სასტუმრო ,,თბილისი-მარიოტის“ დარბაზში ,,თამარ მეფე“.
მასალის გამოყენების პირობები






