ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი "თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით აცხადებს, რომ "გამოხატვის უფლება არ არის, როდესაც ღია სივრცეში ხდება პროპაგანდა ამა თუ იმ ცხოვრების წესის".
მისივე განმარტებით, ასეთი ტიპის პროპაგანდა ქართული საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია.
"ჩემი აზრით, იმ სახის პროპაგანდა და მარში, რა სახისაც არაერთხელ გვინახავს სხვა ქვეყნებში, ჩვენი საზოგადოების ნაწილისთვის მისაღები არ არის. ამ ადამიანების უფლებების დამცველად ჩემი თავიც მიმაჩნია. მთავრობაში ვიყავი, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღებოდა და ნამდვილად არ გამომითქვამს პროტესტი, პირიქით, ვფიქრობ, ეს კანონი და მისი მიღება არ იყო ერთ-ერთი შესასრულებელი მოცემულობა, რომელიც ვიზალიბერალიზაციისთვის გვჭირდებოდა“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.
კვირიკაშვილი გამოეხმაურა გუშინ "პრაიდის“ მოწინააღმდეგეების მხრიდან ძალადობის ფაქტებს და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნისთვის დამაზიანებელია, თუმცა ასევე პრობლემურია „ამ ტიპის აქციების ასე ზეწოლით ჩატარება“.
"ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ძალიან დამაზიანებელი ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე, მიმაჩნია, რომ იმ ტიპის აქციების ასე ზეწოლით ჩატარება, როგორც უნდათ, რომ საქართველოში გააკეთონ, ისეთივე პრობლემა იქნება ქვეყნის დასავლური ორიენტაციისთვის, რადგან ეს მისცემს საკვებს რუსულ პროპაგანდას, რომ მათ დასვან ტოლობის ნიშანი დასავლურ საზოგადოებასა და ამ ტიპის საზოგადოებას შორის“,- განაცხადა კვირიკაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
მასალის გამოყენების პირობები