გუშინ ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების სერიებამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა, სადაც მან ფაქტობრივად მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს, რის შემდეგაც რადიკალური ჯგუფების ქმედება უკონტროლო გახდა. ისინი ქუჩაში თავს ესხმოდნენ არა მარტო მედიის წარმომადგენლებს, არამედ რიგით გამვლელებს, ვისი ჩაცმულობა, ვიზუალი, ტატუ ან საყურე არ მოეწონებოდათ.
მსხვერპლის რიგებში მოხვდნენ ისეთებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევდნენ ვიზუალით, თუმცა აწყვეტილი მოძალადეები აღარ უკვირდებოდნენ, ვის მოხვდებოდა მათი წიხლი ან მუშტი.
ამ სამარცხვინო და უკიდურესად მძიმე დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მხოლოდ დღეს გააკეთა კომენტარი და დაგმო ჟურნალისტებზე ძალადობა, თუმცა, არაფერი უთქვამს იმ განცხადებაზე, რომელმაც მოძალადეებს ნიშანი მისცა, რომ მათთვის "ყველაფერი მოსულა":
„კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც მოხდა. ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დილით დააკავეს სამი პირი. გუშინაც რამდენიმე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და დაისჯება ყველა, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გუშინ კი, სწორედ იმ ღარიბაშვილმა, რომელიც დღეს მომხდარით შეწუხებულია, აღნიშნა, რომ თბილისი პრაიდის ღონისძიების უკან სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა დგას. ეს არ იკმარა და აღნიშნა, რომ ღირსების მარში არ უნდა ჩატარდეს, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს მიუღებელია და დაპირისპირება მოხდება. ნაცვლად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებისთვის ეთქვა, თქვენს დასაცავად ყველაფერს გააკეთებს სახელმწიფო, თქვა სწორედ ის, რამაც მოძალადე ჯგუფებს დაანახა, რომ ამ ქვეყანაში ძალადობა და უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმა იმაზე მეტად არის შესაძლებელი, ვიდრე ადამიანის უფლებების დაცვა.
მასალის გამოყენების პირობები