სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფების მიერ თავდასხმების სერიას ეხმაურება. მისი თქმით, დაძაბულო ფონი პრემიერის განცხადებამ გაამძაფრა. ლომჯარია სპეციალურ განცხადებაში მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს ძალადობის ფაქტები:
"პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე", - წერია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები