დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ძალადობრივი ჯგუფების კიდევ უფრო მეტ წახალისებას პრემიერის განცხადებას უკავშირებს. ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, მოახდინოს მაქსიმალური საპოლიციო მობილიზება, რათა ძალადობისგან დაიცვან მოქალაქეები:
"პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ღირსების მარშის უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია დგას, პირდაპირ წარმოადგენს რადიკალური ჯგუფების წახალისებას, გამოიყენონ ძალა ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ;
იმის გათვალისწინებით, რომ ძალადობრივი ჯგუფების შეკრება დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და მას არ აქვს სპონტანური ხასიათი, შსს-ს მიერ მობილიზებული უკიდურესად მცირერიცხოვანი საპოლიციო ეკიპაჟები ცალსახად არასაკმარისია ძალადობის შესაკავებლად;
გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, პოლიციის უმოქმედობა, დააკავონ ძალადობის უშუალო და მარტივად იდენტიფიცირებადი მონაწილეები;
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყონ სათანადო საპოლიციო ძალების მობილიზაცია რადიკალური ჯგუფების ძალადობის აღსაკვეთად;
- დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები შეკრების დასარეგულირებლად, რომელსაც უკვე აღარ აქვს მშვიდობიანი ხასიათი;
- დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები