გაერო დუმილს არღვევს - რატომ კლავენ და აწამებენ უდანაშაულო ადამიანებს რუსი დაქირავებული მებრძოლები?
პოლიტიკა - 16:56, 02 Jul, 2021     1968

რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკის მძიმე შედეგები თავიანთ თავზე აფრიკის მაცხოვრებლებმაც გამოსცადეს. კრემლი კონტინენტზე საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური გეგმების სისრულეში მოსაყვანად მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, კერძო დაქირავებულ მებრძოლებს აგზავნის. ვლადიმერ პუტინის ყურადღების ცენტრში ახლა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაა (ცარ), სადაც რუსეთის პრეზიდენტის ინტერესებს უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.

მარტის ბოლოს, გაეროს დაქირავებული მებრძოლების შესახებ სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ ცარ-ში „ინსტრუქტორების“ სახელს ამოფარებული „ვაგნერის“ მებრძოლები ცენტრალური აფრიკის არმიის მხარდამხარ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევენ.

„ვაგნერი“ პეტერბურგელი ბიზნესმენისა და “პუტინის მზარეულის”, რუსი ოლიგარქის ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო დაჯგუფებაა. „ვაგნერის“ წევრები დონბასის საბრძოლო და საოკუპაციო მოქმედებებშიც იღებდნენ მონაწილეობას. თავად პუტინი დაჯგუფებასთან კავშირს უარყოფს, თუმცა ყველამ იცის, რომ ჯგუფის ლიდერი დიმიტრი უტკინია, რომელიც რუსეთის სპეცრაზმსა და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში მსახურობდა. 2016 წლის 9 დეკემბერს, კრემლში „სამშობლოს გმირების დღესთან“ დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, უტკინმა პუტინთან ერთად ფოტოც კი გადაიღო.

უტკინი ნაცისტური იდეოლოგიის ერთგულებით არის ცნობილი, რის დემონსტირებასაც სხეულზე გამოსახული ფაშისტური სიმბოლოებით დაუფარავად ახდენს.

„ვაგნერის“ წევრები წვრთნებს კრასნოდარში, მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე გადიან. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ კერძო სამხედრო კომპანიების ოპერაციების შესახებ არაფერი სმენია, თუმცა მებრძოლებს ორდენებით აჯილდოვებს. 2015 წლის იანვარში, დონბასში დაღუპული „ვაგნერ“-ის ორი წევრი, ანდრეი ელმეევი და ანდრეი შრეინერი, სიკვდილის შემდეგ სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. „ვაგნერის“ წევრები რუსული სამხედრო ძალების ტრანსპორტით, საწვრთნელი ბაზებით და სამხედრო საავადმყოფოებით სარგებლობენ. „ვაგნერი“ ცარ-ის გარდა, ლიბიის, სირიისა და სუდანის კონფლიქტებშია ჩართული. უფრო მეტიც, 2018 წელს რუსი ჟურნალისტები ორხან ჯემალი, ალექსანდრ რასტორგუევი და კირილ რადჩენკო ცარ-ში „ვაგნერის“ უკანონო საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას შეეცადნენ, თუმცა ისინი ჟურნალისტური გამოძიების დროს მოკლეს და საქმე ჯერაც არავის გამოუძიებია.

გაერო ცარ-ში „ვაგნერის“ მებრძოლების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებზე, წამებაზე, მკვლელობაზე, ადამიანების გაქრობაზე, სამოქალაქო პირების იძულებით გადაადგილებასა და უდანაშაულო მოქალაქეებით სავსე დაწესებულებებზე განხორციელებულ თავდასხმებზე საუბრობს. გაერო-ს ანგარიშის თანახმად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი და სირიელი დაქირავებული მებრძოლები მოქმედებენ, მთლიანობაში ცარ-ის ტერიტორიაზე 2300 დაქირავებული მებრძოლი იმყოფება. რუსეთის წარმომადგენელი გაეროში რუს სამხედრო მოსამსახურეებს „შეუიარაღებელ ინსტრუქტორებს“ უწოდებს. 28 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა: „ჯარისკაცები არ არიან შეიარაღებული, რადგან ისინი არ უნდა იყვნენ შეიარაღებული. ისინი ინსტრუქტორები არიან“ და დასძინა, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში არ ერევიან. თუმცა, იმის შესახებ თუ რას აკეთებენ სინამდვილეში „ინსტრუქტორების“ სახელს ამოფარებული რუსი მებრძოლები აფრიკაში, ჩვენს სტატიაში დაწვრილებით მოგიყვებით.

მოსკოვსა და ბანგს შორის დაახლოება 2017 წლიდან დაიწყო, როდესაც ცარ-ის პრეზიდენტმა, ფაუსტინ არშანჟ ტუადერამ დედაქალაქში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და მსხვილ რუს ინვესტორებს უმასპინძლა. რუსულ კომპანიებს ცარ-ში კარი სწორედ ამ ვიზიტმა გაუხსნა. შემდეგ კრემლი ცარ-ს იარაღის ემბარგოს მოხსნაში დაეხმარა და სანაცვლოდ რუსეთში დაფუძნებული „ლობაი ინვესტიცია სარლუ“ (Lobaye Invest SARLU) კომპანიისთვის ქვეყანაში რეგისტრაციის უფლება მოითხოვა. ეს კომპანია „ვაგნერის“ შვილობილ ფირმას წარმოადგენს და მოსკოვი მას პრიგოჟინის დაჯგუფების საქმიანობის საფარად იყენებს. ცარ-ში „ვაგნერის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანია „სივას უსაფრთხოების სამსახური“ (SEWA Security Services) ოპერირებს.

გაერომ „ვაგნერის“ შვილობილი კომპანიების ცარ-ში განხოცრიელებულ „სასტიკ თავდასხმებში“ მონაწილეობის არაერთი პირდაპირი მტკიცებულება მოიპოვა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან აპრილის შუა რიცხვებამდე მოკლე პერიოდში „ვაგნერმა“ და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 100-მდე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და ჰუმანიტარული სამართლის ნორმები დაარღვიეს. გაერო აკონკრეტებს, რომ რუსმა მებრძოლებმა სულ მცირე 26 ადამიანი სიკვდილით უკანონოდ დასაჯეს, 5 გააუპატიურეს, 27-ს კი უკანონოდ შეუზღუდეს თავისუფლება. თითოეული მსხვერპლი სამოქალაქო პირია.

ცარ-ის ქალაქ ბამბარის მაცხოვრებლები, რომელთა სახელები მათივე შემდგომი დევნისგან დაცვის მიზნით ჟურნალისტებმა შეცვალეს, რუსი დაქირავებული მებრძოლების მიერ დატრიალებული კოშმარის შესახებ დეტალურად ჰყვებიან. ადგილობრივთა თანახმად, ერთ-ერთი თავდასხმისას რუსმა მებრძოლებმა რამდენიმე მშვიდობიანი მცხოვრები ალ-ტაკვას მეჩეთში ლოცვის დროს დახვრიტეს. როგორც ირკვევა, რუსებს არასწორი ცნობა ჰქონდათ, თითქოს სალოცავში მყოფთა შორის მუსლიმური დაჯგუფება „სალეკას“ მებრძოლები უნდა ყოფილიყვნენ. შეიარაღებული პირები შენობაში მყოფთა შორის არ აღმოჩნდნენ, მაგრამ რუსმა მებრძოლებმა მეჩეთიდან გამოსულ ხელაწეულ ადამიანებს ცეცხლი მაინც გაუხსნეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „CNN“-ს თვითმხილველმა უამბო, რომელიც ამ ინციდენტის დროს ფეხში დაიჭრა და მოგვიანებით ამპუტაცია დასჭირდა. თავდასხმა თებერვალში მოხდა. სხვადასხვა მონაცემით, დაახლოებით, 12-დან 20-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვი, დაიღუპა.

გაეროს ანგარიშებიდან ირკვევა, რომ ადამიანების მკვლელობასთან ერთად „ვაგნერის“ მებრძოლები ქალებს ჯგუფურად აუპატიურებენ. ერთ-ერთი მოწმე ცარ-იდან იხსენებს, რომ 15 თებერვალს დედაქალაქ ბანგში ახალგაზრდა გოგონა ტაქსს ეძებდა, რომ სახლში კომენდანტის საათის დადგომამდე დაბრუნებულიყო. ამ დროს მასთან სამხედრო მანქანა გაჩერდა, რომელშიც შვიდი სამხედრო უნიფორმიანი რუსი მებრძოლი იჯდა. მებრძოლებმა გოგონა მანქანაში ჩასვეს და მისთვის უცნობ ადგილას მდებარე სახლში მიიყვანეს. მსხვერპლი თავად ყვება როგორ ძალადობდნენ მასზე რუსები მთელი ღამის განმავლობაში: „ცხოველივით მაწამებდნენ, არ მესმის, მეც ხომ მათსავით ადამიანი ვარ, მეგონა რომ რუსები აქ ჩვენს დასახმარებლად იყვნენ.“ გაეროს ერთ-ერთი, 25 თებერვლის ანგარიში დეტალურად აღწერს დედაქალაქ ბანგიდან 200 კილომეტრით დაშორებულ ქალაქში „ვაგნერის“ მიერ დატრიალებულ კიდევ ერთ ტრაგედიას. 24 წლის ქალს ექვსი რუსი დაქირავებული მებრძოლი სახლში შეუვარდა და იარაღის მუქარით სამი საათის განმავლობაში აუპატიურებდა.

ცარ-ის მაცხოვრებლები რუსების სიხარბეზეც საუბრობენ და ყვებიან, რომ ქვეყანაში ჩასვლის დღიდან „სტუმრებმა მოსკოვიდან“ რაც გზად შეხვდათ, ყველაფერი წაიღეს. ბოსანგოას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ყვება: „ ისინი ღორებსაც კი კლავენ, საჭმელს არ ყიდულობენ, როცა მოშივდებათ ადგილობრივი მოსახლეობის საქონელს ანადგურებენ. ისინი ხალხს სახლში უვარდებიან და მიაქვთ ყველაფერი: ლეიბები, სკამები, საყოფაცხოვრებო ნივთები.“ ბენზამბეს მუნიციპალიტეტში ადგილობრივმა აფრიკულმა ორგანიზაციამ რუსების მიერ გადამწვარი 120-მდე სახლი, მათ შორის ცარ-ის ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელი, დათვალა. ადგილობრივი მაცხოვრებელი ჟაკი ამბობს, რომ რუსმა მებრძოლებმა პირადად წაუკიდეს ცეცხლი შენობებს: „ყველა სახლი რუსებმა გადაწვეს, ძალიან დიდი ნგრევა მოგვიტანეს.“

გაერო-ს ანგარიშები დეტალურად აღწერს იმას, თუ როგორ იკავებენ რუსი დაქირავებული მებრძოლები ცარ-ში საჯარო დაწესებულებების შენობებს. ბოსანგოაში რუსებს მერიის შენობა აქვთ დაკავებული, ბუკოკოში აგროკულტურის კვლევით ცენტრში შეიჭრნენ და ორი თვის განმავლობაში შენობა ოკუპირებული ჰქონდათ. ბუკოკოში რუსებმა სახლებიც დაიარეს და ხალხი ააწიოკეს. ერთ-ერთი მაცხოვრებელი გაეროს უყვება, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა მისი ფეხსაცმელიც კი წაიღეს.

რუსი მებრძოლები ქალაქიდან ქალაქში გადადიან, გზად ადამიანებს ხოცავენ, ქალებს ჯგუფურად აუპატიურებენ, ყველაფერს ანადგურებენ და ადგილზე ნაღმებს ტოვებენ. უფრო მეტიც, 11 იანვარს ნდანგაში მარკეტს გაურკვეველი მოწყობილობა დაეცა და შენობა ააფეთქა. ინციდენტის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, 16 კი მძიმედ დაშავდა. არსებობს მტკიცებულება, რომ აფეთქებამდე მარკეტის თავზე რუსული დრონი დაფრინავდა.

ცარ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ რუსი მებრძოლები მხოლოდ „ინსტრუქტორები“ არიან და იქ თავად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მთავრობის თხოვნით ჩავიდნენ, თანაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭო საქმის კურსში ჩააყენეს. თუმცა, გაერო-ს „ვაგნერ“-ის და მასთან დაკავშირებული კომპანიებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის მოკვლის, გაუპატიურების, დაკავების, მათი სახლების განადგურების ავტორიზაცია ნამდვილად არ მიუცია. ვითომ „შეუიარაღებელი ინსტრუქტორები“ კარგად გაწვრთნილი რუსი მებრძოლები არიან, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის დავალებით უდანაშაულო ადამიანებს ჯოჯოხეთში აცხოვრებენ. გაინტერესებთ რუსები აფრიკაში კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ტოლფას ქმედებებს რა მიზნით ჩადიან? რუსეთს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ალმასის მარაგების ხელში ჩაგდება სურს. პუტინის პირადი მზარეული ევგენი პრიგოჟინი პროპაგანდისტულ ფილმებს იღებს, რომ „ვაგნერ“-ის მებრძოლები გმირებად წარმოაჩინოს. თუმცა, ვერცერთი შეკვეთილი ფილმი ვერ გადაფარავს თუნდაც მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე ადამიანების პირადი ტრაგედიების ისტორიებს, რომელიც ნებისმიერი ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანისთვის მოსკოვის სასტიკი მეთოდების არაჩვეულებრივი ლუსტრაციაა. ეს ყველაფერი პუტინის ოფიციალური მოსკოვის ლუსტრაციაა, რომელსაც ყველასთვის მხოლოდ შიში, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს.

აკაკი გაბელია






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42