ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის გეგმა მოამზადა, რომელიც 2.3 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტს მოიცავს. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა პიტერ სტანომ ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
გეგმა მოიცავს მოიცავს ვაჭრობის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებას, მწვანე და ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის მხარდაჭერას, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიური სამართლიანი საზოგადოების განვითარებას.
კომუნიკეში დეტალურადაა აღწერილი, რომ ამ მიზნებს საფუძველს უმყარებს გრანტების, გარანტიებისა და შერეული ინსტრუმენტების 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციის გეგმა, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების 17 მილიარდ ევრომდე მოზიდვა არის შესაძლებელი. ეს ხელს შეუწყობს კორონავირუსის ეპიდემიის შემდგომ აღდგენას და გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მდგრადობას.
საუბარია ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე, 3000 კმ პრიორიტეტული გზისა და რკინიგზის მშენებლობაზე ან განახლებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებაზე 25%-ით, წყლისა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, ინტერნეტზე წვდომის გაუმჯობესებაზე, სამედიცინო მუშაკების ვაქცინაციაში დახმარებაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და დამოუკიდებელი მედიის დახმარებაზე, 70,000 სტუდენტისა და მკვლევარისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებზე.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნები 2021 წლის დეკემბერში აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდეგი სამიტის წინ განიხილავენ.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში შედიან აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. 2021 წლის 28 ივნისს ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები