_ ბატონო გოჩა, რატომ გადაწყვიტეთ ოკუპაციის მუზეუმის გახსნა ქუთაისში?
_ ეს იდეა დაიბადა ქუთაისის არასამთავრობო ორგაგანიზაციის "ლიბერალური კლუბის" დამფუძნებლების ერთ-ერთ მუშა შეხვედრაზე. იდეის დაბადებას წინ უძროდა ქუთაისის უნივერსიტეტის ერთერთი თანამშრომლის კახაბერ ქებულაძის მიერ ქუთაისში 1921 წლის "წითელი" ოკუპაციის პერიოდის ამასხველი პერიოდის შესახებ რადიოგადაცემის ორგანიზება. ეს გადაცემა გავიდა ქუთაისის რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ეთერით. გადაცემა მიმყავდა მე. ამ რადიოს დამფუძნებლები ირაკლი მაჩიტაძე და მისი მეუღლე ასევე წარმოადგენენ "ლიებრალური " კლუბის დამფუძნებლებს. ოკუპაციის პერიოდის შესახებ ჩატარებული გადაცემიდან შევიყვეთ ის, რომ დღესდღეობით ქუთაისში არქივებში და მუზეუმებში მოიპოვება საკმარისი ისტორიული და ნივთობრივი მასალები, რომელიც ეხება 1921 წლის ქუთაისის რუსული ოკუპაციის პერიოდს. ეს საკითხი გატანილ იქნა "ლიბერალური კლუბის" სხდომაზე და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქუთაისში ოკუპაციის მუზეუმის ორგანიზების საკითხის ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე დასმის შესახებ."ლიბერალური კლუბი" წარმოადგენს ქუთაისში მემარჯვენე ლიბერალური ღირებულებების მქონე ადამიანების გაერთიანებას და მის ერთ–ერთ ამოცანად სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. ყოველი მუზეუმი თავისი შინაარსით სწორედ რომ სამოქალაქო განათლებას ემსახურება.
_ მოგეხსენებათ, ამ მუზეუმის გაუქმებასთან დაკავშირებით უკვე აქციები იმართება, დღეს კი კულტურის მინისტრმა, ოდიშარიამ განაცხადა, რომ მისი გაუქმება არ იგეგმება. როგორ ფიქრობთ, ეს აქციები ახალი ხელისუფლების მიერ წახალისებული ხომ არაა, რომლის საპირწონედაც ხელისუფლების წარმომადგენლები სხვა განცხადებებს აკეთებენ?
_ ძნელია ფაქტებით ამტკიცო, რომ ეს იდეა ახალი ხელისუფლებიდან წამოვიდა, მაგრამ ფაქტია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის "ერეკლე მეორეს საზოგადოების" ხელმძღვანელის მხრიდან აღნიშნული მოთხოვნით გაიმართა აქცია სწორედ ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე. სხვათაშორის ასეთი შინაარსის მოთხოვნა წინა ხელისუფლების პერიოდში არ მახსოვს ვინმეს დაეყენებინოს, რადგან თავისთავად ცხადი იყო, რომ ასეთ მოთხოვნას არავინ დააკმაყოფილებდა. ალბათ ზემოთაღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეტყობით უკვე გაჩნდა ოკუპაციის მუზეუმის დახურვისათვის მოთხოვნის დაყენების შესაფერისი დრო. ვფიქრობ, რომ არა ოკუპაციის მუზეუმის შენარჩუნებისათვის თბილისში ჩატარებული ძლიერი საზოგადოებრივი კამპანიაა, კულტურის სამინისტრო წარმატებით განიხილავდა მუზეუმის დახურვის საკითხს. მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ მუზეუმის დახურვის საკითხი კიდევ არაერთხელ წამოჰყოფს თავს.
_ რა პასუხი გექნებათ ლოგიკაზე, რომლის საფუძველზეც საზოგადოების წევრებსა და აქციის სხვა მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ საქართველო, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, მრავალჯერ იყო ოკუპირებული და ასეთი ლოგიკით აუცილებლად უნდა არსებობდეს სპარსეთის, არაბეთის, მონღოლეთის, ოსმალეთის და კიდევ სხვა იმპერიათა ოკუპაციის მუზეუმები, რაც, არა მხოლოდ აბსურდულია, არამედ ეკონომიური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია. ოკუპაციის მუზეუმის ისტორია უჩვენებს, რომ მის სანახავად დადიოდა არა მოსახლეობა ან ჩვეულებრივი ტურისტი, არამედ მხოლოდ სამთავრობო დაწესებულებების მიერ მოყვანილი ორგანიზებული ჯგუფები და ოფიციალური უცხოური დელეგაციები, და ხშირად, საკუთარი ნების წინააღმდეგაც?
_ დავიწყოთ ბოლოდან – უცხოური დელეგაციებისათვის მუზეუმის დათვალიერეაზე იძულება ცოტა არ იყოს არასერიოზულად მიმაჩნია, რადგან მათის მხრიდან ამის შესახებ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ არაფერი მსმენია და ასევე არ მინახავას რამე სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც მუზეუმის იძულებით დათვალიერების ფაქტს დაადასტურებდა. რაც შეეხება, საქართველოს სახელმწიფო/საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან მუზეუმის დათვალირების ნებაყოფილობის საკითხს, შემიძლია გითხრათ, რომ მე გახლდით ქუთაისის ერთ–ერთი საჯარო სკოლის დირექტორი და როდესაც განათლების სამინისტროს მხრიდან ჩვენი სკოლა იქნა ჩასმული ოკუპაციის მუზეუმის დამთვარიერებელთა სიაში, დამიჯერეთ მოსწავლეთა რაოდენობის კვოტის გამო უამრავი მოსწავლე გავანაწყენეთ, რომლებიც დამთვალიერელთა სიის მიღმა დარჩნენ.
ახლა გიპასუხებთ იმ აბსურდული ანალოგიის შესახებ, რომელიც ბატონმა ჭყოიძემ გააჟღერა ბატონ დათო პაიჭაძესთან გადაცემაში, თითქოს რუსული ოკუპაციის მუზეუმის არსებობის პირობებში სპარსული, თურქული და მონღოლური ოკუპაციის მუზეუმებიც უნდა არსებობდეს. საქართველოს რუსული ოკუპაცია და მისი ძალზე ნეგატიური გავლენა ქვეყნის განვითარებაზე დღემდე გრძელდება და შესაბამისად თავისუფლებისათვის პრეტენზიის მქონე სახელმწიფოს სასურველია ჰქონდეს ის კონკრეტული ადგილი (ამ შემთხვევაში მუზეუმი), რომელიც როგორც საქართველოს, ასევე საქართველოში სტუმრად მყოფი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს შეახსენებს ამ ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარის შესახებ. მეტსაც გეტყვით – არამხოლოდ მუზეუმები, არამედ სკულპტურული მემორიალები, ქუჩების დასახელებებიც და სხვა რამ ატრიბუტიკაც უნდა არსებობდეს ოკუპაციის ამსახველი. ასეთი ადგილები უნდა შევინარჩუნოთ რეალური რუსული დეოკუპაციის შემდეგაც კი მანამ, სანამ იარსებებს რუსული საფრთხეები მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
_ბატონო გოჩა, რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ დღევანდელი ხელისუფლების რიტორიკა და ზოგადად დეკლარირებული განცხადებები რუსეთის მისამართით, რომელიც ერთი შეხედვით ძველი ხელისუფლების პოზიციათა სრულ კოპირებს წარმოადგენს?
_რთულია პასუხი ამ შეკითხვაზე. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ჰქონდა წინა ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს, რომლებიც თვლიდნენ და თვლიან რომ რუსეთის ამჟამინდელი ხელსუფლების სათავეში მყოფი გუნდისათვის წარმოუდგენელია ერთდროულად ნატოს წევრი და თან რუსეთთან ჯანსაღ პოლიტიკურ ურთიერთობებში მყოფი საქართველო. რეალურად ასეც არის. არ ვიცი რამდენად იზიარებს ამ დოგმას ახალი ხელისუფლება, მაგრამ ჯერჯერობით უტოპიურ ნაბიჯებს კი დგამს, ცდილობს რა, დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან და ამავდროულად შინარჩუნოს ნატოსთან ინტეგრაციის აქამდე დეკლარირებული კურსი. ამ ორიდან მას აუცილებლად მოუწევს არჩევანის გაკეთება ერთ–ერთის სასარგებლოდ. ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლიდან მოკლე ვადაში ნატოსთან ურთიერთობებში უკვე არც თუ სასიამოვნო გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. დაველოდოთ და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
_ თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში პრორუსული ორიენტაციის მქონე ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ. მეტიც, არსებობს ამ პოზიციის მქონე პარტიაც. როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება თუნდაც ის ფაქტი,რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილს გორში სტალინის ძეგლის აღდგენა სურს?
_ სტალინის ძეგლის აღდგენაც იმ ჯაჭვის ერთ–ერთი რგოლია, რომელზეც ოკუპაციის კანონის გაუქმება, ოკუპაციის მუზეუმის დახურვა, ჩერქეზთა გენოციდის აღიარების უკანწაღება რიგით რგოლებად ჰკიდია.
_ბოლო დროს ძალიან აქტიურობს მოსკოვში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენელი, ვლადიმერ ხომერიკი. ის რეკომენდაციებსაც კი სთავაზობს ახალ ხელისუფლებას, მაგალითად, გადახედოს ჩერქეზეთის გენოციდის საკითხს. პარალალურად კი მოსკოვი მოითხოვს ოკუპაციის საკითხის გადახედვას. ეს თქვენთვის რისი მანიშნებელია?
_ ის, რომ ასეთ მოთხოვნებს რუსეთი აკეთებს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ რუსეთის ამ მოთხოვნებს ახლა უფრო მეტი გამგონე ჰყავს საქართველოს ხელისუფლებაში, ვიდრე აქამდე.
_ მოდით, პირდაპირ გკითხავთ, არსებობს ასეთი პირდაპირი საფრთხე-რუსული ბაზრის სანაცვლოდ საქართველომ საბოლოოდ თქვას უარი ტერიტორიებზე?
_ აბა რა გითხრათ, დემოკრატია კიდევ ბევრ სიურპრიზებს შესთავაზებს ჩვენს ქვეყანას.
_ იმ ნაბიჯებითა და შეხვედრების მთელი კასკადით, რაც ამ ხელისუფლებას აქვს არჩევნების შემდეგ, გაქვთ თუ არა მოლოდინი,რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველო ნატოში ინტეგრაციას შეძლებს?
_ ურთულესია პასუხი ამ შეკითხვაზე. ამ კითხვას პასუხი ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს უახლოეს მომავლში...
ჟანა ასანიძე
საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპოსტი’’
მასალის გამოყენების პირობები






