თამარ ჟვანიამ ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტი ცოტა ხნის წინ დატოვა, ამასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიღება უკავშირდება საარჩევნო კოდექსს - ჟვანიას განმარტებით, პოლიტიკურ მხარეებს საშუალება მიეცემათ ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე აირჩიონ, რადგან მიშელის დოკუმენტის საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა.
ნიუპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის პოსტზე „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორი ლადო ბოჟაძე მოიაზრება. საკითხთან დაკავშირებით სწორედ მას დავუკავშირდით. ჩვენთან საუბარში ბოჟაძემ განაცხადა, რომ არავისთან ჰქონია მსგავსი კონსულტაცია და თავმდჯომარედ მისი კანდიდატურის განხილვა უარყო:
„მე არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, თამარის გადადგომა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, იმიტომ, რომ მან ღირსეულად იმოღვაწევა რვა წლის განმავლობაში და იცით, რომ ამ არჩევნებზე - გაყალბებასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც იყო საუბარი, არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდა, არც საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და არც საპარლამენტო კომისიიდან. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, მე ვერაფერს დაგიდასტურებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ მქონია და არ მგონია, რომ ეგ საკითხი განიხილებოდეს“ - განაცხადა ნიუპოსტთან საუბარში ლადო ბოჟაძემ.
მასალის გამოყენების პირობები