როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან უქმდება ღამის საათებში - 23:00-04:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა.
ამის მიუხედავად, 1-ლი ივლისიდან, კვების ობიექტების მუშაობა ნებადართული არ იქნება 00:00-05:00 საათამდე. კვლავ შეზღუდული რჩება ღამის კლუბების ფუნქციონირება.
ღია სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის და მას აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი, ვინაიდან, პირბადე მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად არის აღიარებული. პირბადის ტარება ისევ სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შესაბამის უწყებებს დაავალა, უახლოეს დღეებში მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები სრულ მზადყოფნაში იყოს ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ივლისის პირველ დღეებში, როდესაც ქვეყანა მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და აცრის ინფრასტრუქტურის, ამცრელი ბრიგადების რაოდენობის თუ რეგისტრაციის პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 365 068 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 351 144 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 297 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






