დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას ბოლო წლების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას უხდის.
თბილისის მერმა საზოგადოებას მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის მიმართულებით, 2018-2021 წლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში გააცნო და მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, პანდემიით გამოწვეული რთული ვითარების მიუხედავად, მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
„სამწუხაროდ, ქალაქში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია, თუმცა, როგორც ქალაქის მერს ძალიან მეამაყება, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ ბოლო წლების განმავლობაში. მართლაც ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, უამრავ ადამიანს დავეხმარეთ, ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, წამოვიწყეთ სატრანსპორტო რეფორმა, ქალაქში იქმნება მწვანე სივრცეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გავაგრძელოთ. უფრო მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი და უფრო მეტი კარგი პროექტი განხორციელდებოდა, რომ არა ის პანდემია და გამოწვევები, რომლის წინაშე დღეს არამხოლოდ ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიო დგას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძის განცხადებით, მერიის თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა.
„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს მადლობა გადაუხადო იმ შრომისთვის, რომელსაც ისინი ჩემთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. განსაკუთრებული მადლობა კი მინდა გადავუხადო თბილისელებს, რადგან მათი მხარდაჭერითა და თანადგომით შევძელით იმის გაკეთება, რაზეც ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის, თანამშრომლებისთვის ძალიან დიდი სტიმულია ის მხარდაჭერა და თანადგომა, რაც მოსახლეობის მხრიდან იგრძნობა. მიხარია ის დამოკიდებულება, რომელიც თბილისის მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მიმართ გააჩნია. შემთხვევითი არ არის, რომ კვლევები, რომელიც თბილისთან დაკავშირებით ტარდება, აჩვენებს, რომ ძალიან გაზრდილია ნდობა და მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის მიმართ, რაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის, როგორც ქალაქის ხელმძღვანელისთვის, ძალიან საამაყოა. ამისთვის დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
მასალის გამოყენების პირობები