დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლიდან დღემდე, სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიება გატარდა და ამით რამდენიმე ათასმა სუბიექტმა ისარგებლა. ამის შესახებ მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე ისაუბრა.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა აღნიშნა, რესტორნების, კვების ობიექტების, საკლუბო ინდუსტრიისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 4 200 000 ლარი გამოიყო.
„როდესაც თბილისის მართვა დავიწყეთ, ჩვენი მიზანი მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლების მიღწევა იყო, თუმცა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკა დააზარალა. გამონაკლისი არც თბილისი ყოფილა. შესაბამისად, ჩვენი მუშაობის დიდი ნაწილი და რესურსი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ თითოეული სამეწარმეო და ბიზნეს აქტივობა შეგვენარჩუნებინა. ეკონომიკური სექტორისთვის არაერთი საშეღავათო პაკეტი დაწესდა, რომლითაც ისარგებლა რამდენიმე ათასმა სუბიექტმა. ძირითადად, ეს არის საიჯარო ქირების გადავადება და ჩამოწერა, სანქცია-საურავების, პირგასამტეხლოს დაკისრების შეჩერება. ზოგ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მთლიანად ჩამოწერა. ასევე, დასუფთავების მოსაკრებლის შემცირება. მათ შორის, კვების ობიექტებს მსგავსი მოსაკრებელი 8-ჯერ შეუმცირდათ. პოსტპანდემიურ პერიოდში, ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა რესტორნების, კვების ობიექტების, ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო ინდუსტრიის სუბიექტების, ბავშვთა დაბადების დღისა და გასართობი ცენტრებისთვისაც. ამ პროგრამის ჯამური ღირებულება შეადგენს, დაახლოებით, 4 200 000 ლარს, რომელიც პირდაპირ ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გადაირიცხა“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათები დაწესდა სამშენებლო სექტორისთვისაც. მათ შორის, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის პაკეტი.
„დაწესდა სამშენებლო და ფინანსური შეღავათები დაუსრულებელი მშენებლობებისთვის. დროებით განთავსებულ შენობა-ნაგებობებს, რომლებიც დარღვევით იყო განთავსებული, ჩამოეწერა დაკისრებული ჯარიმები, მიეცა დამატებითი ვადა დარღვევების გამოსასწორებლად. ასევე, შემუშავდა სამშენებლო ამნისტიის საკმაოდ მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელიც უკვე განხილვის ეტაპზეა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები