თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი, დაპირებული ერთი მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია.
როგორც მან თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ანგარიშზე განაცხადა, 2018-2021 წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტმა, დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტი ინფრასტრუქტურულ, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი სოციალურ და ჯანდაცვის პროექტებზე დახარჯა.
„მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 1 086 863 570 ლარს, 2019 წელს – 1 106 066 807 ლარს; 2020 წელს – 1 121 648 105 ლარს, ხოლო 2021 წელს, დაპირებული 1 მილიარდი ლარის ნაცვლად, 1 192 526 769 ლარია. ოთხი წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, დაახლოებით, 2 მილიარდ ლარამდე ღირებულების სხვადასხვა სამუშაო განახორციელა, ხოლო მილიარდ 343 მილიონი ლარი სოციალური და ჯანდაცვის პროექტებზე დაიხარჯა“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.
რაც შეეხება 2018-2021 წლებში თბილისის მერიის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ირაკლი ხმალაძის თქმით, მათი ჯამური ბიუჯეტი ოთხ მილიარდ ლარს აჭარბებს.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ პროექტებს და პროგრამებს ვახორციელებთ არამხოლოდ საბიუჯეტო თანხებით, არამედ დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარებით. სულ, ოთხი წლის განმავლობაში, მოვახერხეთ და მოვიზიდეთ, დაახლოებით, 284 მილიონი ლარის დაფინანსება. შედეგად, ამ ოთხ წელში განვახორციელეთ და ჯერ კიდევ ვახორციელებთ 4 791 361 419 ლარის ოდენობის პროექტებს“, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა.
მასალის გამოყენების პირობები