"ოცნების" წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს რიგ შემთხვევებში შესაძლოა გადაუხვიონ.
პაპუაშვილმა "მთავარის" ეთერში თქვა, რომ ასე მოხდა ერთ-ერთ საკითხზე, რომელიც შემაჯამებელი ოქმების ნამდვილობას ეხებოდა და რაზეც ყველა პარტია შეთანხმდა.
"მთავარია დოკუმენტი, სხვათა შორის ერთ-ერთი საკითხი იყო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, კერძოდ, უბნების შემაჯამებელი ოქმების ნამდვილობასთან დაკავშირებით და ის ჩანაწერი, რაც არის მანდ, შევცვალეთ ჩვენ.
ყველა პარტია შევთანხმდით, რომ არ იყო სწორი, "სტრატეგია აღმაშენებელმა" დააყენა საკითხი, სხვათა შორის, რომ სამართლის ლოგიკას არ შეესაბამებოდა. ფაქტობრივად, გადავუხვიეთ იმ ჩანაწერს, რომელიც იყო დოკუმენტში.
ყველა შევთანხმდით და ერთობლივად გადავუხვიეთ ამ დოკუმენტს. არის ჩანაწერი, რომ უბნის შემაჯამებელ ოქმზე პროფესიული წევრების 2/3-მა და ერთმა ნამდვილმა წევრმა მოაწეროს ხელი, რომ იყოს ნამდვილი. სინამდვილეში გამოდიოდა ისე, რომ უბნის 17 წევრიდან უმრავლესობას, პარტიულებს მოეწერათ ხელი და უმცირესობას არა და ამით ყოფილიყო ოქმი არანამდვილი, რაც არალოგიკური იყო". - თქვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ გადაუხვიონ შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ მუხლებს, პაპუაშვილი პასუხობს, რომ შეიძლება.
"ეს ტექნიკური საკითხია, არ არის ასეთი პრინციპული საკითხი. არის გარკვეული ხარვეზები ამ შეთანხმებაშიც, თუმცა, არ არის ბევრი. ტექნიკურ დეტალზე იყო საუბარი". - ამბობს ქართული ოცნების წევრი.
მასალის გამოყენების პირობები